LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტისენ-ბორნემისას მუზეუმი – რეპორტაჟი მადრიდიდან

1504

მადრიდში მსოფლიოს სამი გამორჩეული მუზეუმი მდებარეობს, რომლებიც დიდ სამკუთხედს ქმნიან. ესენი გახლავთ: პრადოს მუზეუმი, დედოფალ რეინას ხელოვნების ცენტრი და ტისენ-ბორნემისას მუზეუმი. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო კოლექციების მფლობელია და მადრიდში მოგზაურობის დროს ნამდვილად გირჩევთ ამ მუზეუმში სტუმრობას. თუ ვის ნახავთ აქ, ქვემოთ წაიკითხავთ.

ტისენ-ბორნემისას მუზეუმი 1992 წელს გაიხსნა და თავის კედლებში პრესტიჟული კერძო კრებული განათავსა (ეს კი დაკავშირებულია ჰაინრიხ ტისენ-ბორნემისას (1875-1947) და ჰანს ჰაინრიხ ტისენ-ბორნემისას სახელებთან (1921-2002). 1993 წელს ესპანეთის სახელმწიფომ ფერწერის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძინა, რომელიც მე-13 საუკუნიდან მეოცე საუკუნის შუაწელამდე პერიოდს მოიცავდა. ამ დიდებული კოლექციის სახლი კი ვილიაერმოსას სასახლე გახდა, რომელიც სამუზეუმო მიზნებისთვის გადაკეთდა.

მუდმივმოქმედი ექსპოზიცია სამ სართულზეა მოწყობილი. დათვალიერებას მეორე სართულიდან თავაზობენ, სადაც ექსპოზიციას იტალიელი პრიმიტივისტები ხსნიან, მათ კი რენესანსი და ბაროკო მოყვება. ორი დარბაზი თემატურია: ერთგან თავმოყრილია აღორძინების ხანის პორტრეტები, მეორეგან კი მე-18 საუკუნის ქალაქის პეიზაჟები.

პირველი სართული ჰოლანდიური სკოლით იხსნება. ახალი დროის ფერწერა ამერიკელ მხატვრებს ეთმობა, მათ მოყვება იმპრესიონიზმი, პოსტიმპრესიონიზმი და გერმანული ექსპრესიონიზმი.

ბოლო სართული მე-20 საუკუნეს აქვს დათმობილი, რომელიც წარმოდგენილია კუბიზმის შედევრებით, აბსტრაქტული ხელოვნებით, სიურეალიზმით, პოპ-არტით.

საერთო ჯამში, ექსპოზიცია ფერწერის ისტორიის შვიდ საუკუნეს აცნობს.

მუზეუმში გამოყოფილია კარმენ ტისენ-ბორნემისას კოლექცია, რომელიც სასახლის ახალ ფრთაში მდებარეობს (გაიხსნა2004 წელს). მასში წარმოდგენილია სხვადასხვა სკოლისა და დროის ორასზე მეტი ნამუშევარი.

რაც შეეხება კონკრეტულ სახელებს, მუზეუმში ნახავთ ისეთი გენიოსების ბრწყინვალე ტილოებს, როგორებიც არიან: ალბრეხტ დიურერი, ოგიუსტ როდენი, ედგარ დეგა, ვინსენტ ვან გოგი, პიერ ოგიუსტ რენუარი, კლოდ მონე, ალფრედ სისლი, ტულუზ-ლოტრეკი, კარავაჯო, რუბენსი, რემბრანდტი, ტიციანი, ტინტორენტო, ელ გრეკო, კორო, ვასილი კანდინსკი, სალვადორ დალი, პიკასო და სხვები და სხვები.

მუზეუმის ინფრასტრუქტურა ძალიან მოსახერხებელია. აქ არის გარდერობი. შეგიძლიათ მოითხოვოთ საბავშვო ეტლები და კენგურუ-ჩანთები. მოწყობილია რესტორან-კაფეტერია. აუდიოგიდები წარმოდგენილია ესპანურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენებზე (ფასი: 4 ევრო).

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოწყობილია სპეციალური ლიფტები, ტელეფონები და ტუალეტები. სუსტი მხედველობის მქონე პირებისთვის კი გათვალისწინებულია ბუკლეტები და მაჩვენებლები ბრაილის შრიფტით.

მუზეუმში შესვლა 10 ევრო ღირს, თუმცა ”მასტერკარდის” სპონსორობის გამოისობით ორშაბათს, 12:00-დან 16:00 საათამდე შესვლა ყველასთვის უფასოა.

ვახტანგ დარასელია

მადრიდი-თბილისი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g