ქვემო ალვანში მდებარე ფერმა გაფართოებას აპირებს. როგორც ფერმერმა გოგი ელანიძემ ”ფორტუნას” განუცხადა, ფერმის ბაზაზე რძისა და ყველის მიკროსაწარმოს გახსნა იგეგმება, თუმცა, ფერმერს ამისთვის საკმარისი თანხა და საჭირო სერტიფიკატები ჯერჯერობით არ აქვს. გიგი ელანიძე სახელმწიფო პროგრამისთვის ”აწარმოე საქართველოში” მიმართვას აპირებს.
მანამდე ”აწარმოე საქართველოს” გოგი ელანიძემ თხების საკვები დანადგარის ”ჰიდროპონიკას” შეძენის თანადაფინანსების თხოვნით მიმართა, თუმცა, დანადგარის ყიდვა ისევ საკუთარი სახსრებით, ბანკიდან აღებული სესხით მოუწია.
”განაცხადის დაწერიდან ოთხი თვის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემმა განაცხადმა დადებითი პასუხი მიიღო, მაგრამ დანადგარი უკვე ნაყიდი მქონდა. ერთი თვე ველოდე პასუხს, მეტის მოცდა აღარ შემეძლო. ამიტომ ავიღე სესხი 9 ათასი დოლარი და თვითონ ვიყიდე დანადგარი” – განუცხადა ”ფორტუნას” გოგი ელინიძემ.
ფერმაში ამჟამად 40 სული თხაა, ხუთი მათგანი ფერმერმა ავსტრიიდან ჩამოიყვანა, რომელიც 4-დან 6 ლიტარმადე რძეს იწველება. ავსტრიული თხების შეძენა გოგი ელინიძეს 4000 ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, ფერმა მოიცავს 600 ძირ ხურმას და 100 სკა ფუტკარს.
”ჩვენთან ჯერჯერობით, დიდი მოთხოვნა არ არის თხის პროდუქტზე და თხის ხორცზე, რომელიც ერთადერთი ხორცია, ქოლესტერინის ყველაზე დაბალი დონით. თხის რძეც და ყველიც ძალიან სასარგებლოა და ძროხის რძეს გაცილებით ჯობს. ვფიქრობ, ამ მიმართულებას დიდი პერსპექტივა აქვს და მოთხოვნადი იქნება. თან ფინანსურადაც მომგებიანია. თხას ძროხასთან შედარებით კვებაც ნაკლები სჭირდება” -აღნიშნა ელინიძემ.
რაც შეეხება თხების საკვებ დანადგარს ”ჰიდროპონიკას”, დანადგარი 60 კილოგრამი ქერიდან 500 კილოგრამ ჯეჯილს იძლევა, რითაც ცხოველებს კვებავენ.
”თხები საძოვარზე აღარ გაგვყავს, რადგამ იქ ცელფანი და სხვა უამრავი შხამქიმიკატია. ჭამდნენ და გვეხოცებოდა. ახლა უკვე ადგილზე გვყავს და ზამთარ-ზაფხულ ჯეჯილით ვკვებავთ. ყველდღე ვთესავთ 60 კილო ქერს და გამოგვაქვს 500 კილო ორგანული ჯეჯილი, საკვები მასა,” – ამბობს ფერმერი.
გოგი ელინიძე ხურმის გადამამუშავებელი დანადგარის შეძენასაც გეგმავს. მისი თქმით, მოთხოვნა ხურმის ჩირზე საკმაოდ მაღალია, თუმცა, რადგან თავად ეს მოწყობილობა არ აქვს, ხურმას უკრაინიდან და ბელარუსიდან ჩამოსულ მეწარმეებს აბარებს.
ფერმაში გოგი ელინიძე ჯერჯერობით, მარტო მუშაობს. თუმცა, გაფართოების შემთხვევაში რამდენიმე ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.