საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შესაძლოა, წელს თხილის მოსავალი შემცირდეს და გასულ წელთან შედარებით 20-30%-ით ნაკლები იყოს.
დავითაშვილის თქმით, თხილის მოსავლის შემცირება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია. მათ შორის აზიურმა ფაროსანამ და კლიმატური პირობების ცვალებადობამ.
„წლის დასაწყისში გვქონდა ჭარბი ნალექი, შესაბამისად, კარგი პროდუქტი რომ მიგვეღო, განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება დაგვჭირდა. ჩვენ გვყავს ახალი მავნებელი, ეს ახალია ევროპისთვისაც, გამოცდილება გროვდება ამასთან დაკავშირებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ, თუ მოსახლეობა არ იქნება მასიურად კონსოლიდირებული, მარტო სახელმწიფო მას ვერ დაამარცხებს.
ჩვენი თხილის მწარმოებლები თუ არ იქნებიან მასობრივად მობილიზებულები, ვერ მივიღებთ კარგ შედეგს. გვჭირდება მცენარეთა დაცვის სწორი ღონისძიებების გატარება. ჩვენ განვახორციელეთ ერთი შეწამვლა და მეორე არ გამოვიდა, რადგან უკვე მოსავლის აღების დრო მოვიდა, იყო საფრთხე მოსავლის დაბინძურების. გადავდივართ სხვა კულტურებში, სადაც მოწამვლის საშუალება გვექნება”, – განაცხადა დავითაშვილმა.