LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტკიპების სეზონი იწყება – რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტკიპამ გიკბინათ?

7040
000d-kleshhi-na-dache

„გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ტკიპების სეზონი იწყება,“ – ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ გაკეთა.

გრიპის შემთხვევებმა დეკემბრის მაჩვენებელთან შედარებით იკლო, თუმცა ახლა H3N2 და B ტიპის ვირუსია გავრცელებული. პაატა იმნაძის განცხადებით, მაისიდან ტკიპების სეზონს უნდა ველოდოთ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს და აფრთხილებს, რომ ბუნებაში გასვლის დროს ტკიპების კბენისგან თავი დაიცვას.

 „არსებობს ტკიპების გარკვეული სახეობები, რომელთაც გარკვეული დაავადებების გადატანა შეუძლიათ. საქართველოში ტკიპისგან ადამიანს ყველაზე მძიმე დაავადება რაც შეიძლება დაემართოს, ეს არის ყირიმ-კონგოს ცხელება, ტულარემია, რომელიც ძალიან იშვიათია. შედარებით ხშირად გვხვდება ბორელიოზი,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

იმნაძე განმარტავს, რომ ტკიპები გავრცელებულია, როგორც ძაღლებში, ასევე კატებში. მისივე თქმით, ბუნებაში გასვლისას მნიშვნელოვანია თავის დაცვა.

„ყურადღება უნდა გამოიჩინონ ფერმერებმა. სოფლის მეურნეობაში მომუშავეებს, რომლებიც სულ ბუნებაში იმყოფებიან ან საქონელთან აქვთ შეხება, კანი დახურული უნდა ჰქონდეთ ტანსაცმლით, შარვალი ჩატანებული უნდა იყოს ფეხსაცმელში, რათა ტკიპას აცოცების საშუალება არ ჰქონდეს. ტკიპა ტანსაცმლიდან ვერ შევა, ხელიდან კი, შესაძლოა შეცოცდეს,“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.

პაატა იმნაძე ტკიპებისგან თავის დასაცავად არსებულ საშუალებებზეც საუბრობს. მისი თქმით, პროდუქტის შეძენისას ყურადღება უნდა მიექცეს, პროდუქტი რომელი ასაკისთვის არის განკუთვნილი. იმნაძის განმარტებით, ტკიპებისგან თავის დასაცავად სპეციალური საშუალებების გამოყენებაა საჭირო, კერძოდ: სითხე, რეპელენტები, მალამო, რომელთა შეძენაც აფთიაქებში არის შესაძლებელი.

მისივე განცხადებით, ტკიპის აცოცების შემთხვევაში, თუ ის კანზე დიდი ხნის განმავლობაში იქნება მიკრული, იზრდება შანსი, რომ ის დაავადებები, რაც აქვს ტკიპას, ადამიანის ორგანიზმში გადავიდეს.

„რაც უფრო ჩქარა მოვიშორებთ ტკიპას, უკეთესია. ტკიპა პირდაპირ არ უნდა მოვიშოროთ.  უნდა გამოვიყენოთ ხელთათმანები, რათა მისი მოშორების დროს, რაიმე დაავადების გავრცელება არ მოხდეს,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

 

ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი „ფორტუნასთან“ ტკიპას სეზონთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, გაზაფხულზე ტკიპების გავრცელების მაჩვენებელი ყოველთვის იზრდება.

„ტკიპის დაკბენის არაერთი შემთხვევა იყო გასულ წელს და წინა წელსაც, გაზაფხულზე მიმართვიანობის მაჩვენებელი იზრდება. საქართველოში ბორელიოზი დაფიქსირებულა, თუმცა, ლაიმის დაავადება საქართველოში არ დაფიქსირებულა,“ – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.

 

 

 

ზალდასტანიშვილის განცხადებით, ტკიპის ნაკბენს, შუაში ცენტრში რგოლი და გარშემო ვარდისფერი კანტი აქვს, რომლის აღმოჩენისთანავე, პაციენტმა ინფექციონისტს უნდა მიმართოს.

მაია ზალდასტანიშვილის განცხადებით, მწერის ამოღება მხოლოდ ქირურგის ჩარევით ხდება. ინფექციონისტი „ფორტუნასთან“ საუბარში იმ ადგილებს ასახელებს, სადაც მწერები არიან გავრცელებული.

„ტკიპები ძირითადად წყალთან ახლოს არიან გავრცელებული. ასევე, გვხვდებიან ტყიან და წიწვიან ადგილებში,“ – აცხადებს ინფექციონისტი.

როგორც მაია ზალდატანიშვილი აცხადებს, ტკიპის მატარებლები ისეთი შინაური ცხოველები არიან, როგორიცაა ძაღლი და კატა.

„ტკიპის ნაკბენი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ასევე იწვევს სახსრების ანთებას და ა.შ. იმ შემთხვევაში თუ ტკიპის კანში შეღწევა მოხდა და ტკიპისმიერი ენცეფალიტი განვითარდა, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ძირითადად ეს ციმბირში ხდება, საქართველოში ნაკლებად ფიქსირდება ასეთი დაავადებები,“ – განაცხადა ზალდასტანიშვილმა.

შეუძლია თუ არა ადამიანს კონკრეტული მახასიათებლებით გაარჩიოს, რომელია ინფექციის გადამტანი ტკიპა? – ინფექციონისტი აცხადებს, რომ ეს კომპეტენტური პირის ჩარევის გარეშე შეუძლებელია.

მაია ზალდასტანიშვილი პრევენციის მიზნით, მოსახლეობას ურჩევს, მოერიდონ იმ ადგილებში სიარულს, სადაც ტკიპები გავრცელებული არიან. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ ტკიპის მიერ ადამიანის დაკბენა მოხდა, დროულად მიმართონ ექიმს.

პოპულალურები