LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს ტკივილს გულმკერდის არეში და როგორც ამოვიცნოთ გულის შეტევა – კარდიოლოგი მაია გოცაძე

101
doctoshow

გადაცემის ლაივი LIVE

რამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში და როგორ განვასხვაოთ გულის შეტევა სხვა ტიპის ტკივილისგან. კიდევ რა ტიპის დაავადებები გვხდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში ყველაზე მეტად და რა ტიპის რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა გართულებების თავიდან ასაცილებლად. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-კარდიოლოგმა, მაია გოცაძემ ისაუბრა.

-მაია, დიდი მადლობა, რომ გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად გვესტუმრეთ. მოდით, საუბარი დავიწყოთ იმ უსიამოვნო შეგრძნების შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია. საუბარი მაქვს ტკივილზე გულ-მკერდის არეში. ასეთ დროს ადამიანებს ეჭვი პირველ რიგში გულის პრობლემაზე მიაქვთ, რაც განსაკუთრებით გვაშინებს. მაინც, რა იწვევს ტკივილს გულ-მკერდის არეში?

მაია გოცაძე: აღსანიშნავია, რომ ეს ექიმთან მიმართვიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია დაის სიმპტომთა ფართო სპექტრს მოიცავს. საერთო ჯამში მას მეორე ადგილი უჭირავს. ამ ჩივილით მხოლოდ აშშ-ში ექიმს ყოველ წელს 8 მილიონზე მეტი ადამიანი მიმართავს. ბუნებრივია, რომ ტკივილს გულ-მკერდის არეში მხოლოდ გულის პრობლემები არ იწვევს. ცხადია მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები, მაგალითად გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, ინფარქტი, არითმიები, სტენოკარდია და ა.შ.ასევე ეს ჩივილი შესაძლოა სხვადასხვა სისტემის პრობლემიდან მოდიოდეს, მაგალითად ეს შეიძლება იყოს როგორც საკუთრივ გულ-სისხლძარღვთა, ასევე ნერვული, საყრდენ-მამოძრავებელი, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემიდან გამოწვეული და ა.შ. მიზეზთა სპექტრი მრავალფეროვანია.

-არის თუ არა რაიმე ნიშანი, რომლითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ, რომ პრობლემა უშუალოდ გულიდან მოდის?

მაია გოცაძე: რასაკვირველია. პირველ რიგში, როდესაც გულისტკივილზე ვსაუბრობთ, მის გამომწვევად უნდა მოვიაზროთ კორონარული არტერიების დაავადება, მაგალითად სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი. მნიშვნელოვანია, ტიპურია ტკივილი თუ ატიპიური, რა ადგილას არის ლოკალიზებული, რა უძღოდა წინ მის აღმოცენებას, რა ხანგრძლივობისაა და როგორ მიმდინარეობს და ა.შ. როგორც წესი, ტკივილი რომელიც გულიდან არის გამოწვეული, გულის ფიცრის არეში ლოკალიზდება, მისი აღმოცენება უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას, მაგალითად კიბეზე ასვლას ან სიარულს. ასეთ დროს ტკივილს ტალღისებრი მიმდინარეობა ახასიათებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პერიოდულად იმატებს და იკლებს. შეიძლება ტკივილი რამდენიმე წუთიდან 20 წუთამდეც გაგრძელდეს. მას თან ახლავს სიმძიმის, ზეწოლის შეგრძნება, წვა, დისკომფორტი და მოჭერის შეგრძნება. სწორედ ამ სიმპტომთა ერთობლიობისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა გულიდან მომდინარეობს.

-არის თუ არა ასეთი ტკივილის დროს აუცილებელი ექიმთან სასწრაფო ვიზიტი?

მაია გოცაძე: გააჩნია ტკივილის ხასიათს. თუ ტკივილი აღმოცენდა მწვავედ. ბუნებრივია იგი დაუყოვნებლივ ვიზიტს საჭიროებს, თუ ტკივილი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღმოცენდება, ეს არის სტაბილური სტენოკარდია და ბუნებრივია, ასევე საჭიროებს ვიზიტს, მაგრამ ექიმთან მისვლა მეორე დღესაც შეიძლება. თუმცა ვგულისხმობ მეორე დღეს და არა მეორე თვეს.

 -მაია, საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ გულმა არ იცის ტკივილი და რეალურად გულის პრობლემა ტკივილით არ ვლინდება. რას იტყვით ამაზე?

მაია გოცაძე: ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უმეტეს დაავადებებს ახასიათებთ ჩივილები ტკივილის სახით. თუმცა ვიტყოდი, რომ ამ მოსაზრებასაც აქვს არსებობის უფლება, რადგან მაგალითად იმ პაციენტებს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ, ტკივილს ზღურბლი აქვთ შედარებით დაბალი და შესაძლოა ისე განვითარდეს ინფარქტი, რომ ვერც იგრძნონ. იგივე შეიძლება ითქვას ქალბატონებზეც, ქალებთან გულის პრობლემა ტკივილით ნაკლებად ვლინდება, უფრო შეიძლება სხვა სიმპტომით, მაგალითად ქოშინით გამოვლინდეს.

-ხანდახან პაციენტები გულის პრობლემის გამო უეცრად იღუპებიან, მათი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ამ ადამიანს გული არასოდეს აწუხებდა.რა იწვევს უეცარ გარდაცვალებას?

მაია გოცაძე: როდესაც პაციენტი  უეცრად იღუპება, ანუ დგება უეცარი კარდიული სიკვდილი, მიზეზი არის სიცოცხლისათვის საშიში არითმია, რომელიც იქამდე შეიძლება არ იყოს გამოვლენილი. თუმცა დღესდღეობით იმდენი გამოკვლევა არსებობს,რომ ფატალური შედეგები შესაძლოა თავიდან ავიცილოთ, თუ ხანდახან ყურადღებას მივაქცევთ საკუთარი ჯანმრთელობის მონიტორინგს

. -რამდენად მართალია მოსაზრება იმის შესახებ, რომ გულს ახასიათებს გადაცემითი ტკივილები და რომ გულის პრობლემა შესაძლოა ქვედა ყბის, მარცხენა მხრის ან ზურგის ტკივილით გამოვლინდეს?

მაია გოცაძე: დიახ, ეს სიმართლეა. გულით გამოწვეული პრობლემისათვის დამახასიათებელია ტკივილის ირადიაცია, ანუ გადაცემა გულის გარშემო არეებში. შესაძლოა ტკივილი ყბაზეც გადაიცემოდეს, ზურგშიც, ყელშიც, მკლავებშიც და ა.შ. რაც შეეხება სხვა სიმპტომებს, აღსანიშნავია, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ გულის რომელი ნაწილია დაზიანებული. მაგალითად, გულის ქვედა კედლის ინფარქტს ახასიათებს გულისრევა და ღებინება.

-რამდენად მართალია, რომ მამაკაცებში უფრო ხშირია გულის პრობლემები?

 მაია გოცაძე: ასაკს გააჩნია. ახალგაზრდა ასაკში მამაკაცებში უფრო ხშირია,ხოლო შემდგომ, როდესაც ქალბატონები პოსტ-მენოპაუზის ასაკში არიან, უკვე თანაბრად გვხვდება შემთხვევები.

-მოდით, ვისაუბროთ კვლევებზეც. რა კვლევებია საჭირო იმისათვის, რომ მშვიდად ვიყოთ ამ მხრივ? მოდით ერთის მხრივ ვისაუბროთ იმ ადამიანებზე, ვინც უბრალოდ პრევენციის გამო იტარებს კვლევას და მეორეს მხრივ იმ პაციენტებზე, ვინც ექიმთან ჩივილების არსებობის დროს მიდის. რა კვლევებია ამ დროს საჭირო?

 მაია გოცაძე: გამოკვლევას სამი მიმართულებით დავყოფდი.პირველი არის ექიმთან ვიზიტი და დათვალიერება, არტერიული წნევის და გულის რითმის გაზომვა. შემდეგ მოდის უკვე ექოკარდიოსკოპია და ბანალური კარდიოგრამა. ბოლოს ტრედნომეტრია, ანუ ფიზიკური დატვირთვის ტესტი , რომლის დროსაც სარბენ ბილიკზე ვაყენებთ პაციენტს, რადგან კორონარული არტერიების დაზიანებას უმეტესწილად იწვევს ათეროსკლეროზული ფოლაქი, რომელიც კორონარულ არტერიაშია, მისი გამოვლინება კი ხდება სწორედ ამ მაპროვოცირებელი ტესტით. ჩვენ პროვოცირებას ვუკეთებთ ამ სიმპტომს, რომ გამოვლინდეს. ფიზიკური დატვირთვის შედეგად იცვლება წნევა, კარდიოგრამა და დგინდება აქვს თუ არა პაციენტს გულის იშემიური დაავადება. არსებობს ასევე 24 საათიანი ჰოლტერის მონიტორინგი, რომელიც გამოიყენება მძიმე არითმიების გამოსაკვლევად. არსებობს ე.წ. ღამის არითმია, რომელიც ღამით ვითარდება, 24 საათიანი კარდიოგრამა კი იძლევა მისი გამოვლენის საშუალებას. მესამე ნაწილი არის ლაბორატორიული კვლევები, მაგალითად ელექტროლიტური დისბალანსი, კოაგულოგრამა, სისხლის საერთო ანალიზი,იმ სპეციალური მარკერების კვლევა, რომლებითაც ვლინდება გულის კუნთის დაზიანება. არსებობს ასევე გულის უკმარისობის მარკერი, ქოლესტერინის კვლევა და ა.შ.

-ყოფილა თუ არა თქვენს პრაქტიკაში შემთხვევა, როდესაც უბრალო კვლევაზე მოსულ პაციენტთან აღმოგიჩენიათ მძიმე დაავადება?

მაია გოცაძე: რასაკვირველია. აღმომიჩენია როგორც იშემიური დაავადება, ასევე არითმია და ექოკარდიოსკოპიურად გამოვლენილა ისეთი პათოლოგიები, რასაც საერთოდ არ ველოდი. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელი ადამიანისათვის წელიწადში ერთხელ კარდიოგრამის გადაღება არის რეკომენდებული, დაავადებული ადამიანისათვის კი, ვისაც უკვე აქვს ჩივილები ან დიაგნოზი, წელიწადში ორჯერ ან მეტჯერაც ,ექიმის დანიშნულების მიხედვით.

-მაია, საინტერესოა რომელია მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გულის დაავადება და შესაბამისად, მომართვიანობის მთავარი მიზეზი?

მაია გოცაძე: ყველაზე გავრცელებული არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი წნევა. შემდეგ მოდის კორონარული არტერიების დაავადებები, სტენოკარდია, შემდეგ მოდის უკვე არითმიები და ბოლოს სხვა პათოლოგიები. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე მეტად ყურადღება რისკ-ფაქტორებს უნდა მიექცეს. არსებობს მოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული რისკ-ფაქტორები. არამოდიფიცირებული რისკ-ფაქტორების ჯგუფში შედის მაგალითად ასაკი, სქესი, რასა, გენეტიკური განწყობა, ანუ ყველაფერი ის, რისი შეცვლაც ჩვენ არ შეგვიძლია. რაც შეეხება მოდიფიცირებულ რისკ-ფაქტორებს, ესენია მაგალითად მავნე ჩვევები, თამბაქოს, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, მაღალი ქოლესტერინი, ცხოვრების მჯდომარე წესი, ემოციური სტრესი, სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი. ამ რისკ-ფაქტორების მეტ-ნაკლებად მართვა შესაძლებელია.

-არის თუ არა არტერიული ჰიპერტენზია განკურნებადი?

 მაია გოცაძე: სამწუხაროდ ქრონიკულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, თუმცა ეს დაავადება არის მართვადი.

-მაია, მინდა გკითხოთ კიდევ ერთ გავრცელებულ პრობლემაზე, ეს არის გულის აჩქარება. რა იწვევს მას?

მაია გოცაძე: გულის აჩქარება, ანუ ტაქიკარდია შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც კარდიალური, ანუ გულიდან მომდინარე, ასევე სხვა მიზეზით. ზოგადად, ადამიანის გულის ცემის ნორმალური რიტმი წუთში 60-დან 100 დარტყმამდეა, ხოლო თუ ეს მაჩვენებელი 100-ს სცდება, სახეზეა ტაქიკარდია. ბუნებრივია, ასეთ დროს საჭიროა ყველა პაციენტის ინდივიდუალურად გამოკვლევა, რადგან ტაქიკარდიის მიზეზი გულის პრობლემის გარდა შეიძლება სხვა რამეც იყოს, მაგალითად ჰორმონალური ფონი, ელექტროლიტური დისბალანსი, ემოციური ფონი და ა.შ. ამიტომ უნდა მივმართოთ ექიმს, რომელიც უშუალოდ ჩვენს გამოკვლევას მოახდენს.აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით არსებული მეთოდები იძლევა მიზეზის აღმოფხვრის საშუალებას როგორც მედიკამენტოზური მკურნალობით, ასევე ქირურგიული გზით, თუ ეს საჭირო გახდა.

-თქვენ უკვე წელიწად-ნახევარია აქტიურად ხართ ჩართული კოვიდთან ბრძოლაში. თქვენი პირადი გამოცდილებით, რა გართულებას იწვევს კოვიდი ყველაზე ხშირად?

 მაია გოცაძე: ვიტყოდი, რომ კოვიდი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც მიმდინარეობს სისხლძარღვოვანი კომპონენტით. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროს სისხლძარღვები აქტიურად ზიანდება. ეს ახასიათებს განსაკუთრებით კოვიდის მწვავე ფაზას, თუმცა არც პოსტ-კოვიდ პაციენტებშია იშვიათი. აღსანიშნავია ისიც, რომ კოვიდს შეუძლია როგორც ის, რომ თავად გახდეს სისხლძარღვების დაზიანების და დაავადების აღმოცენების მიზეზი, არამედ ზედაპირზე ამოიტანოს მანამდე შეფარულად არსებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ყველაზე ხშირი გართულება, რაც ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მინახავს, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაა. შემდეგ მოდის უკვე ჰიპერტენზია, არითმიები, მიოკარდიუმის ინფარქტები, პერიკარდიტი, მიოკარდიტი და გულის სხვა პრობლემები. ცხადია მინახავს ისეთი შემთხვევებიც, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებმა კოვიდი ძალიან იოლად დაამარცხეს, თუმცა საერთო ჯამში ეს მაინც რისკ-ჯგუფია და ამ ადამიანებს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდებათ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც შუნტირება აქვს გაკეთებული უახლოეს წარსულში.

-მოდით, საუბარი ჩვენი გადაცემის ყველაზე პოპულარული კითხვით დავასრულოთ. რა რჩევებს და რეკომენდაციებს მოგვცემთ? როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ გულს?

 მაია გოცაძე: ორიგინალური ვერ ვიქნები (იცინის). ბუნებრივია ამ შემთხვევაშიც, ჯანმრთელობის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესი, სუფრის მარილის შეზღუდვა, ზომიერი ფიზიკური აქტივობა და მავნე ჩვევებზე უარის თქმაა. თუ პაციენტს აწუხებს ტკივილი გულ-მკერდის არეში, ამის იგნორირება არ შეიძლება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და დაიწყოს მკურნალობა. იმ ადამიანებს კი, ვისაც არაფერი აწუხებს, ვურჩევ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გაიარონ მონიტორინგი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები