ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWein Tokyo“, რომელსაც 50 ათასამდე ვიზიტორი სტუმრობდა, ქართული ღვინის მწარმოებელი 9 კომპანია მონაწილეობდა.

„ProWein Tokyo“-ს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
ტოკიოში ასევე გაიმართა ქართული ღვინის საგანმანათლებლო მასტერკლასი და დეგუსტაცია, რომელსაც 30 ღვინის პროფესიონალი, მედიის და კომერციული სექტორის წარმომადგენელი დაესწრო. დეგუსტაციას უძღვებოდა საფრანგეთის ღვინის აკადემიის ექსპერტი ფრედერიკ კაიუელა, რომელიც იაპონიის ღვინის სფეროშიც მოღვაწეობს და იაპონურ კომპანიას „Oteroirs K.K.” წარმოადგენს. დეგუსტაციაზე სხვადასხვა სახეობის 7 ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი.
