LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოლიამ“ სანაყინეების ქსელი გააფართოვა და ახალი გემოების ნაყინები გამოუშვა

213
Untitled

რა სიახლეებია ნაყინის ბიზნესში საქართველოში, რა გავლენას ახდენს პანდემია და უკრაინაში მიმდინარე ომი აღნიშნულ სექტორზე – ამ და სხვა საკითხებზე „ბიზნესნიუსის“ ეთერში კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერმა, სანდრო ლომთაძემ ისაუბრა.

როგორც ვიცი, ახალ სეზონს „თოლია“ სიახლეებით ხვდება – უფრო კონკრეტულად, რა სიახლეებზეა საუბარი?

ნამდვილად ასეა. რამდენიმე სიახლე გვაქვს როგორც ინდუსტრიული ნაყინის, ისე სანაყინეების მიმართულებით. გავამრავალფეროვნეთ ჩვენი ასორტიმენტი: ბრენდ „ინდიგოს“, რომელიც არის პრემიუმ მიმართულების ნაყინი, დაემატა ორი ახალი გემო: თხილის და ნუშის „ინდიგო“. „ნუვოს“ კი, რომელიც ასევე პრემიუმ ნაყინია, დაემატა მარწყვის „ნუვო“. გარდა ამისა, საბავშვო ნაყინ „სკუპიში“ ამ სეზონზე ბავშვებს ელით ახალი მაღალხარისხიანი სათამაშოები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ძირითადი ნაწილი სათამაშოების არის ასაწყობი და ანვითარებს ბავშვის გონებას.  რაც შეეხება სანაყინეების ნაწილს: გავხსენით ორი ახალი ობიექტი, თავისუფლების მოედანზე და ჭავჭავაძეზე. ასევე ძალიან მალე გაიხსნება ვაკის პარკის განახლებული ობიექტი. ამასთან, სანაყინეებს დაემატა ახალი პროდუქტები: სხვადასხვა სახეობის ყავა და მალე დაემატება რამდენიმე სახეობის ნამცხვარი.

არ იყო რთული პანდემიის პერიოდში და ახლა უკვე, რუსეთის მიერ მშვიდობიან უკრაინაში წამოჭრილი ომის გამო, სიახლეებზე ორიენტირება, ეს ხომ დამატებით ინვესტიციებს საჭიროებდა – როგორ ადაპტირდით ამ მოვლენებზე?

რა თქმა უნდა, იყო სირთულეები პანდემიის დროს, თუმცა მალევე მოვახერხეთ ადაპტირება. რაც შეეხება ამ გაუგონარ ომს და საშინელებას, რაც ხდება უკრაინაში – ამას ჩვენს საინვესტიციო გეგმებზე გავლენა არ ჰქონია, ვინაიდან, ეს სიახლეები უკვე დაგეგმილი გვქონდა, ვიდრე რუსეთი ამ საშინელ ომს დაიწყებდა. წინა სამუშაოები უკვე გაწეული იყო, ასე რომ, ეს ყველაფერი მანამდე იყო. თუმცა, ამ ომმა, ცხადია, ზოგადად კომპანიაზე ზეგავლენა იქონია. საერთაშორისო ბაზრებზე ის ნედლეული, რომლის იმპორტსაც ვახორციელებთ – მნიშვნელოვნად გაძვირდა.  რუსეთიდან ისედაც არ შემოგვქონდა ჩვენ ნედლეული, თუმცა, ამ თვალსაზრისით, ჩვენი უმსხვილესი მომწოდებელი იყო უკრაინა – ამ ეტაპზე, აქედან იმპორტი სამწუხაროდ აღარ ხერხდება და უკრაინა დროებით ჩანაცვლდა სხვადასხვა ქვეყნებით, მაგალითად, ბრაზილიით, ახალი ზელანდიით.

ქვეყანაში ბოლო მონაცემებით,  წლიური ინფლაციის დონემ – 11.8 პროცენტი შეადგინა. ნაყინის ფასთან დაკავშირებით, რას უნდა ელოდოს მომხმარებელი?

სამწუხაროდ, ნაყინის ფასი უკვე გაზრდილია. ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა ჩვენს პროდუქციაზე ის ფასები, რაც იყო შარშან. ასე რომ, მოგვიწია პროდუქციის, დაახლოებით, 12%-ით გაძვირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g