LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტომ კრუზი მეუღლესთან ერთად იყო, თუმცა ამდენი ლამაზმანის დანახვამ ისე აღაფრთოვანა, ყველას სათითაოდ მოეხვია და გადაკოცნა” – ლაშა ონიანი „არტ-FM“-ში

23
ლაშა-ონიანი

7 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს რეჟისორი და მსახიობი ლაშა ონიანი სტუმრობდა, რომელმაც 21 ივნისს დაგეგმილ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნაზე ისაუბრა.

– ლაშა, უამრავი ღონისძიების ორგანიზატორი ხარ. მოკლედ ხომ ვერ მოგვითხრობ მათ შესახებ?

– შალკეს არენაზე სამჯერ გავუწიე ორგანიზება ჩემპიონთა ლიგის გახსნას. ალბათ, პუბლიკას რომის ოლიმპიური სტადიონი უფრო ახსოვს, რადგან 70-მა ქართველმა მოცეკვავე გოგონამ მიიღო მონაწილეობა, შალკე კი, ბევრს დაავიწყდა, რადგან დიდი დრო გავიდა 2003 წლის შემდეგ, თუმცა სწორედ იმ დღეს გაიხსნა თავად არენაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა მსოფლიოში, რადგან ხალიჩის მსგავსად მინდორიც გარეთ გააქვთ გასარეცხად, აღსადგენად, მერე კი, ისევ უკან აბრუნებენ. არაჩვეულებრივი ღონისძიება მიეძღვნა 2005 წელს მიუნხენში „ალიანს არენის“ გახსნას, რომლის აშენების უფლება ფრანც ბეკენბაუერმა მოუგო გერმანელებს სასამართლოში და მშვენიერი სივრცე მოაწყო სპორტის მოყვარულებისთვის, რადგან არა მხოლოდ ფეხბურთის ნახვა, არამედ მთელი დღე გართობა და სასიამოვნოდ დასვენება შეიძლება.

– შთამბეჭდავი ღონისძიება მოეწყო რომში ქართველი გოგონების მონაწილეობით,

– გეთანხმებით, მართლაც საოცარი გახსნა იყო. სწორედ იქ გავიცანით ანდრეა ბოჩელი, რომელიც ისე მოიხიბლა ქართული ხმებით, მე მგონი მაშინ გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა და ძალიან გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მის კონცერტს ბათუმში ისევ მე ვუწევდი ორგანიზებას. სხვათა შორის, ხოსე კარერასიც ჩვენს ანგარიშზეა, რადგან პირველად სწორედ ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა საქართველოში, ლაიონელ რიჩის კი ჰამბურგში შევხვდი „მერსედესის“ ახალი მოდელის რეკლამირებისას.

– როგორ გაიხსნა ოპერეტენჰაუსი?

– ოპერეტენჰაუსი 2000-იანი წლების დასაწყისში გავხსენით ჰამბურგის ცენტრში, სადაც 24 საათი დუღს ცხოვრება. კარგად მახსოვს შვეიცარიაც, სადაც 4 წელი ვმუშაობდი ეკონომიკ-ფორუმის გახსნაზე და ყოველ წელს 5 ათასზე მეტ ეკონომისტს ვმასპინძლობდი.

– რამდენად საპასუხისმგებლოა ასეთი ღონისძიებების მოწყობა?

– ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა და ნამდვილად არ ღირს საკუთარი ხასიათის და სიჯიუტის გამოვლენა.

– სასიხარულოა, რომ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გახსნის ცერემონიასაც შენ უწევ ორგანიზებას,

– ბედნიერი ვარ, რომ მსგავსი ღონისძიება საქართველოში ეწყობა. სტადიონები დავათვალიერეთ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სრულად ვაკმაყოფილებთ უეფას სტანდარტებს. ჩემპიონატი პარალელურად ორ ქვეყანაში – რუმინეთსა და საქართველოში გაიმართება. ოფიციალურად რუმინეთში გაიხსნება, ფინალი და დახურვის ცერემონია კი, საქართველოში გაიმართება, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი გახსნის მოწყობას ვგეგმავთ ჩვენც.

– ვინ მიიღებს მონაწილეობას ღონისძიებაში?

– ღონისძიების ორგანიზების შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციისგან მივიღე, მათვე წარვუდგინე საკუთარი კონცეფცია, რომელიც განიხილეს, მოიწონეს და უეფას გადაუგზავნეს. უეფა მხოლოდ ტექნიკურ მხარეს განიხილავს, რათა თავი დაიცვას არენის დაზიანებისგან. ყოველთვის შეიძლება შოუმ თავისი სცენოგრაფიითა და რეკვიზიტებით  მინდორი აზარალოს და სწორედ ამგვარ დეტალებს ითვალისწინებს უეფა. რაც შეეხება მონაწილეებს – ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა გვეყოლება, რადგან ჩემპიონატი ახალგაზრდულია. ღონისძიებაში თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა გუნდი და ჰიპ-ჰოპის თანამედროვე მოცეკვავეები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან ერთად იქნება 50 პატარა ფეხბურთელიც სხვადასხვა კლუბიდან. საერთო ჯამში 130-მდე მონაწილე მოიყრის თავს მინდორზე. ძალიან სერიოზული თამაში ელის საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან, ამიტომ იმედი მაქვს საუკეთესო ფეხბურთელები – კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი და დავითაშვილიც მიიღებენ მონაწილეობას.

– როგორი იქნება დახურვის ცერემონია?

– დახურვის ცერემონიაზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ დაჯილდოება უეფას მიერ გაწერილი პროტოკოლით მოხდება.

– რა განიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას?

– სცენაზე დგომა, რადგან პირველად 4 წლის ასაკში გავედი და მთელი ცხოვრება იქ გავატარე.

– როგორ გაიხსენებ მაიკლ ჯექსონთან შეხვედრას?

– ორჯერ ვიმუშავე „ბემბის“ დაჯილდოებაზე. ალბათ იცით, რომ პრიზი წლის ორ საუკეთესო ადამიანს გადაეცემა. პირველ წელს საუკეთესო წყვილად გორბაჩოვი და ჯექსონი, მეორედ კი, ტომ კრუზი და სოფი ლორენი დასახელდნენ. საინტერესო იყო მაიკლ ჯექსონთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, მის გამოჩენას წითელ ხალიჩაზე დიდი აურზაური მოჰყვა, დაცვას ფოტოგრაფებთანაც კი მოუწია ჩხუბში ჩაბმა, ჯექსონმა კი, გზა გააგრძელა წითელ ხალიჩაზე, რომლის ბოლოს მსახიობები, ცნობილი ადამიანები ელოდნენ ჩემს მიერ მოფიქრებული შეხვედრის შოუთი, თუმცა ჯექსონს არც უფიქრია შოუს ნახვა, პირდაპირ გადაეხვია ნაცნობ მსახიობებს, ვიღაც მოიკითხა, ვიღაცასთან ერთად იმღერა, გზა გააგრძელა კიბისკენ და ყველა თან გამოიყოლა. მთელი დადგამ ჩაიშალა, ამიტომ სხვა გზა არ მქონდა, მეც მსვლელობას შევუერთდი და ძალიან ვიმხიარულეთ. სოფი ლორენზე მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი და უბედნიერესი ვიყავი, როცა გავიცანი, ტომ კრუზმა ღონისძიებაზე დაიგვიანა და მხოლოდ დახვედრის ცერემონიის დასრულების შემდეგ მოვიდა, თუმცა დროზე მოვიფიქრე, ყველაზე ლამაზ გოგონებს მოვკიდე ხელი და პირდაპირ წითელ ხალიჩასთან დავახვედრე. კრუზი მეუღლესთან ერთად იყო, თუმცა ამდენი ლამაზმანის დანახვამ ისე აღაფრთოვანა, ყველას სათითაოდ მოეხვია და გადაკოცნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები