ნავთობ გიგანტმა TotalEnergies SE–მ განაცხადა, რომ ავტოსპორტისთვის 100%–ით განახლებად საწვავს დაამზადებს. ეკოსაწვავი უკვე მომავალი წლისთვის იქნება მზად და მას საფრანგეთში „ლე მანის“ რბოლის დროს დატესტავენ.
ყველაზე საინტერესო კი ის ფაქტია, რომ სიახლეს ღვინისგან, უფრო სწორედ – ფრანგული ღვინის წარმოების ნარჩენებისგან შექმნიან. საფრანგეთის საავტომობილო კლუბის პრეზიდენტის პიერ ფიონის აზრით, ავტორბოლა ბიოსაწვავის დასატესტად საუკეთესო ღონისძიებაა.
უჩვეულო იდეის ავტორები კი ირწმუნებიან, რომ ეკოლოგიური საწვავის გამოყენება მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას მინიმუმ 65%–ით შეამცირებს. პროდუქტს ყურძნის ნარჩენებისა და რამდენიმე ნივთიერების დამატებით დაამზადებენ. ძრავა მას უკეთ დაწვავს და ჰაერში ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს. Total–ისთვის ეს არის შანსი, რომ 2050 წლისთვის გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შეამციროს.
