Toyota-მ გამოაქვეყნა ახალი კროსოვერის ინტერიერის პირველი გამოსახულება, რომელიც შესაძლოა Highlander-ის მოდელის მემკვიდრე გახდეს. ავტომობილის პრემიერა ძალიან მალე გაიმართება.
გამოსახულების მიხედვით, ავტომობილი სამ-რიგიან სალონს მიიღებს, თუმცა დასაჯდომი ადგილების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ სახელდება. ფოტოზე ასევე ჩანს ციფრული ინსტრუმენტების პანელი, დიდი ზომის მულტიმედიური ეკრანი, პანორამული სახურავი და მეორე რიგში სავარძლები.
წინასწარი მონაცემებით, საუბარია ელექტრულ მოდელზე b25x, რომელიც 2021 წლის bZ კონცეფტის საფუძველზეა შექმნილი და პირველ რიგში ამერიკულ ბაზარზეა გათვლილი. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სერიული კროსოვერი სხვა სახელწოდებით გამოვიდეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალი ელექტრო ყველგანმავლის წარმოება აშშ-ში 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
2025 წელს შეერთებულ შტატებში Toyota Highlander-ის 56 208 ერთეული გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 37%-ით ნაკლებია. ამავე დროს, Grand Highlander-ზე მოთხოვნა 91%-ით გაიზარდა – ეს მოდელი 136 801 მყიდველმა აირჩია.