კალიფორნიის სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია Mobility for Africa ირწმუნება, რომ Toyota Mobility Foundation-მა ზიმბაბვეში შექმნილი ელექტრო ტრიციკლის პროექტის ტექნოლოგიები და ბიზნესმოდელი უნებართვოდ გამოიყენა.
საქმე ეხება ელექტრო ტრიციკლს სახელწოდებით Hamba, რომელიც სპეციალურად ზიმბაბვეს სოფლის რეგიონებისთვის შეიქმნა. ტრანსპორტი ფერმერებს პროდუქციის ბაზრებამდე გადატანაში ეხმარება. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა მზის ენერგიით დამუხტვისა და ბატარეების სწრაფი გამოცვლის ინფრასტრუქტურა. ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით 600 ასეთი ტრიციკლი გამოიყენება.
სარჩელის ავტორების განცხადებით, Toyota Mobility Foundation თავდაპირველად Hamba-ს პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი იყო და წვდომა ჰქონდა როგორც ტექნიკურ დოკუმენტაციაზე, ისე ბიზნესგეგმებზე. მათი მტკიცებით, მოგვიანებით ფონდმა პროექტი დატოვა და კენიაში მსგავსი ინიციატივა – Songa დაიწყო, რომელიც თითქმის იდენტურ მოდელზეა დაფუძნებული და ასევე მოიცავს ტრანსპორტს, დამუხტვისა და ბატარეების გაცვლის ქსელს.
Mobility for Africa მიიჩნევს, რომ მათი კომერციული საიდუმლოებები და ინტელექტუალური საკუთრება უნებართვოდ იქნა გამოყენებული, რის გამოც სასამართლოს მიმართა.
ამ ეტაპზე Toyota Motor Corporation-ს საქველმოქმედო ფონდს სარჩელზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. სასამართლო პროცესი ჯერ საწყის ეტაპზეა და ბრალდებები დადასტურებული არ არის.