„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე „ეროვნული შერიგების“ მისეულ „ფორმულას“ ასახელებს. ირაკლი კობახიძის თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჯერ დანაშაულები უნდა ჩამოთვალოს და აღიაროს, შემდეგ კი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადოს.
“მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემეულ ფორმულას “შერიგებასთან” დაკავშირებით. ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა უნდა აღიარონ ყველა უმძიმესი დანაშაული, რაც ჩაიდინეს – წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, ბიზნესის რეკეტის ჩათვლით – რასაც ჰქონდა სისტემური ხასიათი.
ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი აღარაა პოლიტიკაში. ეს უნდა აღიარონ და შეიძლება ამის შემდეგ დაიწყოს საუბარი შერიგებაზე.
ვიდრე ამ ადამიანებს – დამნაშავეებს, კრიმინალებს – აქვთ პოლიტიკაში დარჩენის ამბიცია, რა თქმა უნდა, შერიგებაზე საუბარი ზედმეტია”, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.