საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საღამოს რვა საათამდე შეუძლიათ. სოციალურ ქსელში ვრცელდება რამდენიმე ფოტო, სადაც მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ბიულეტინებზე სხვადასხვა შინაარსის მინაწერებს აკეთებენ.
“თქვენ მეისპეთ ერთ დღეს” , “ჩემი ხმა არცერთს” – ასეთი ფორმით გამოხატეს მოქალაქეებმა პროტესტი ქუთაისში.
ბიულეტინზე სხვადასხვა მინაწერებით პროტესტს გამოხატავენ პანკისშიც. შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს. ამჯერად, ახალგაზრდების პროტესტის მიზეზი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობა და ჰესების მშენებლობაა.
საარჩევნო უბნები მთელი თბილისის მასშტაბით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 08:00 საათზე დაიხურება. ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის ჯამში 6,15% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 215 ათას 329 ამომრჩეველია.
ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, შემდეგ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი. გარდა ამისა პროცესს მონიტორინგს უწევს 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის დაახლოებით 1 100 საერთაშორისო დამკვირვებელი.