20 „გრემის“ მფლობელი მუსიკოსის, გიტარის ჯადოქრად წოდებული პეტ მეთინის კონცერტის გამართვას „ისთერნ ფრომოუშენსი“ საქართველოში უამრავი წელი ცდილობდა. 2019 წელს კი ერთდროულად ორი კონცერტის გამართვა გახდა შესაძლებელი. თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსის თხოვნით, ერთი, ტრიოს შემადგენლობაში, შედარებით ინტიმურ კლუბურ ადგილას შედგა, 1-ელ მარტს, „ივენთ ჰოლში“, სულ სხვა პროგრამით, მეორე დღეს კი, იმავე ტრიომ უკვე თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (დირიჟორი: ვახტანგ კახიძე) გამართა კონცერტი და წარადგინა პეტ მეთინის პროექტი Missouri Sky and more.
„ივენთ ჰოლში“ გამართული კონცერტი, რასაკვირველია, რადიკალურად განსხვავდებოდა დიდი დარბაზის პროექტისგან, ერთადერთი, რაც უცვლელი გახლდათ, ეს მუსიკოსების ოსტატობა იყო. აღსანიშნავია, რომ ორივე დარბაზში სრული ანშლაგის პირობებში, ძირითად მსმენელს ეტყობოდა, რომ ისინი ძალიან კარგად იცნობდნენ პეტ მეთინის შემოქმედებას და ცნობილი მელოდიების გაჟღერებისას ამას თავად მეთინის შეიგრძნობდა დარბაზის ემოციებიდან გამომდინარე. ქართველი მსმენელი არაერთხელ წამოუდგა ფეხზე ბრწყინვალე მუსიკოსს, რომელმაც ორივე კონცერტზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა და თავად მოხიბლული დარჩა საქართველოში სტუმრობით.
„14 წელი დამჭირდა, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი. თქვენ შესანიშნავები ხართ. განმაცვიფრებელი ქვეყანა გაქვთ და ბრწყინვალე ორკესტრი. დიდი მადლობა”, აღნიშნა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პეტ მეთინიმ მსმენელის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
დიდ საკონცერტო დარბაზში პეტ მეთინის ბისზე რამდენჯერმე მოუხმეს, თუმცა მხოლოდ ერთხელ გამოვიდა და ორი კომპოზიცია კიდევ შეასრულა, შემდეგ კი სცენაზე ვახტანგ კახიძესა და კოლეგა მუსიკოსებთან ერთად დაბრუნდა, რათა თავი დაეკრა მაყურებლისთვის და დიდი მადლობა გადაეხადა ოვაციებისთვის.
მაია ბარათაშვილი:
ჩვენ საერთოდ, განებივრებულები ვართ დიდებული მუსიკოსებით, თუმცა ახლა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, საუბარიც კი არ მომინდა… რადგან მეკითხებით, უნდა გითხრათ (იღიმის). გენიალური აზრები ძალიან მარტივად გამოითქმის. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მისურიში ვიმოგზაურე. თავისი მსუბუქი ბრიზით, ამინდის ცვლილებებით, ჭექა-ქუხილით, ქარით, სიყვარულით სადღაც ჩეროში. ასეთი გრძნობა მქონდა, რომ იქ ვიცხოვრე. თითქოს როგორი მარტივი იყო, მაგრამ საოცარი სიღრმის მატარებელი. პეტ მეთინი არის მრავალპლანიანი მუსიკოსი და ეს დრომ დაამტკიცა. მისი მუსიკა არ ხუნდება და არც არასდროს დაკარგავს აქტუალობას. ეს კონცერტი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ არ არის საჭირო ზედმეტი წივილ-კივილი და ხმაური სცენაზე მაყურებლის დასაჭერად.
გიორგი სუხიტაშვილი:
პეტ მეთინი ჩემს ავტომობილში ჟღერს ყოველთვის და ასრულებს მუსიკალურ სურვილებს. ახლაც, ამ კონცერტის შემდეგ, მანქანაში რომ ცავჯდები, კიდევ ერთხელ გადავამოწმებ, როგორ ფორმაშია. ყველა მისი საუკეთესო ჩანაწერი მაქვს მანქანაში (იღიმის).
აუცილებლად უნდა აღვნიშნო ვახტანგ კახიძის ორკესტრი და დიდ მადლობას გადავუხდი მათ. ჩვენს მსმენელს კი ვთხოვ, რომ მხოლოდ მაშინ ნუ დავაფასებთ ჩვენს არტისტებს, როცა ისინი უცხოელი მეგავარსკვლავების გვერდით გამოდიან. ისინი ჩვენთან არიან ყოველთვის.
მაკა მახარაძე:
არ გაგაკვირვებთ, თუ ვიტყვი, რომ აღტაცებული და ბედნიერი ვარ, რომ ამ კონცერტზე დასწრების საშუალება მომეცა. მე არ გახლდით პეტ მეთინის აქტიური მსმენელი, მე უფრო მეტად კლასიკური მუსიკის მოყვარული ვარ, მაგრამ ეს კონცერტი ძალიან მომეწონა…
თბილისის რიგით 22-ე ჯაზფესტივალის გენერალური სპონსორია „სოკარი“. მუდმივი სპონსორი „თიბისი ბანკი“ გახლავთ.
ფესტივალის მხარდამჭერია: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
ფოტო: დათუნა აგასი