პატრიარქის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით სვეტიცხოველში საზეიმო წირვა აღევლინა, მოგვიანებით იქ მყოფ ხალს ილია მეორემ მიმართა. პატრიარქმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის გრძნობდა მძიმე წლებში ხალხის დახმარებასა და ღვთის ლოცვა-კურთხევას.
“თქვენო აღმატებულებავ ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენო ყოვლადსამღვდელოება, სულიერო შვილებო. აღსაყდრების 41 წელი მძიმე წლები იყო, მაგრამ მუდამ ვგრძნობდი თქვენს დახმარებას და ღვთის ლოცვა-კურთხევას. ეს ლოცვა-კურთხევა ღვთის თანმდევი იყო მუდამ, სადაც კი ვიყავი. წყალობა შენი უფალო თანამავალ მეყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა. ყოველი ადამიანი ღვთის განგების ქვეშ არის. ღმერთი აკისრებს ჯვარს. იგივე ღმერთი აძლევს ძალას, რომ დასძლიოს და ბოლომდე მიიტანოს ის ჯვარი,”- განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა დასძინა, რომ ქართველი ხალხი მოსიყვარულე ერია.
“თქვენ სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ვერ შევძლებდი, ბოლომდე მიმეტანა ეს ჯვარი. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. დიდება და მადლობა ღმერთს,” – განაცხადა პატრიარქმა.
დღეს განცხადება მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა.
“საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.