ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაგი არიან.
სამძიმრის წერილს ბათუმის 26-ე საჯარო სკოლა ავრცელებს:
„სსიპ ქალაქ ბათუმის #26 საჯარო სკოლის კოლექტივი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი ორი მოსწავლე…ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ…ეს უსაზღვრო, გაუსაძლისი ტკივილია…
ჩვენი სკოლის 9-ა და 9-ბ კლასის მოსწავლეებმა, უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა…ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები…თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში…მიჭირს ამის თქმა, მაგრამ…სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟკაცო ბიჭებო“, – წერს თამრიკო გოგიშვილი.
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მოპედი შეეჯახა, ბავშვები მოპედზე ისხდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.