ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს.
დონალდ ტრამპმა ამის შესახებ Newsmax-თან განაცხადა და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
ტრამპის შეფასებით, არავის ეგონა, რომ შესაძლებელი იქნებოდა, ქვეყანაში მოვლენები ცუდი მიმართულებით ასე სწრაფად განვითარებულიყო.
“არ ვიცი, რამ შეიძლება ხელი შემიშალოს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში. ჩვენი ქვეყანა კვლავ დიდებული უნდა გავხადოთ. ამერიკა ჯოჯოხეთში წავიდა და ვითარება ძალიან სწრაფად გაუარესდა და არავის ეგონა, რომ ეს ასე სწრაფად მოხდებოდა. მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა და გავაკეთებ იმას, რაც ქვეყნისთვის არის სწორი.
ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა ასეთი და ჩვენ სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ იმის გამო, რაც უკრაინასა და რუსეთთან ხდება. ეს შეიძლება დასრულდეს მსოფლიო ომით… ეს სიგიჟეა, რასაც ისინი აკეთებენ… ჩვენ ვართ მსოფლიო ომის დიდი საფრთხის წინაშე”, – განაცხადა ტრამპმა.