LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპი თუ დაბრუნდა… რა ელოდება ევროპას, ნატოს, უკრაინას…

184
original

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველი წინასაარჩევნო დებატები გამართეს.

არჩევნები 5 ნოემბერსაა დაგეგმილი. დებატები ტელეარხმა CNN-მა ჩაატარა. კანდიდატებს რამდენიმე თანაშემწე ახლდა. სტუდიაში არ ყოფილან მაყურებლები, იმყოფებოდა პირველი ლედი ჯილ ბაიდენი და რამდენიმე რესპუბლიკელი.

წამყვანებმა კანდიდატებს შესთავაზეს ეპასუხათ კითხვებზე, რომლებიც ეხებოდა – მაღალ ინფლაციას, აბორტის უფლებას, უკანონო მიგრაციას, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და კიევის დახმარებას, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლას და არჩევნების შედეგების აღიარებას. ორივე კანდიდატი რამდენიმე კითხვას გაექცა, ძირითადად წინასწარ მომზადებულ თეზისებს იმეორებდნენ.

აშშ-ს პრეზიდენტი შეეცადა თანამემამულეები დაერწმუნებინა, რომ შეუძლია ქვეყანა კიდევ ერთი ვადით მართოს და რომ მხოლოდ მას ძალუძს წინ აღუდგეს პუტინს და შეაჩეროს ჩინეთი.

ბაიდენმა დებატებზე მარცხი ფრენებისგან გამოწვეული დაღლილობით ახსნა.

პრეზიდენტმა დებატებზე ჩავარდნილ გამოსვლას უწოდა ცალკეული „ცუდი ეპიზოდი“ და არა საერთო მდგომარეობის ასახვა. ტელეკომპანია АВС-სთან ინტერვიუში ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებელი სამედიცინო შემოწმების აუცილებლობა (რაც ამომრჩეველს აჩვენებდა, რომ მზადაა კიდევ ერთი ვადით სამუშაოდ) არ არის.

კითხვაზე თუ როგორ შეძლებს საარჩევნო რბოლის შემოტრიალებას, ბაიდენმა ერთ-ერთ საკვანძო მომენტად დიდი და ენერგიული მიტინგები დაასახელა, იმის მსგავსი, როგორიც ვისკონსინში ჩაატარა. მას შეახსენეს, რომ ტრამპი უფრო მეტ ხალხს აგროვებს ხოლმე, რაზეც პრეზიდენტი თავის ოპონენტს თავს დააცხრა: „ტრამპი პათოლოგიური მატყუარაა“.

„ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყანას ვგავართ, ეს სირცხვილია, – განაცხადა ტრამპმა დებატების სცენიდან, – ჩვენ უკვე პატივს აღარ გვცემენ“, – განაგრძო ტრამპმა და ბაიდენი დაადანაშაულა.

„ეს არის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, – ბაიდენი ოდნავ მოგვიანებით შეეპასუხა, – მას არანაირი წარმოდგენა არ აქვს ამერიკულ დემოკრატიაზე“.

ორივე კანდიდატი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანია: დემოკრატი ბაიდენი 81 წლისაა, რესპუბლიკელი ტრამპი – 78 წლის.

ბუკა პეტრიაშვილი (პოლიტიკური მიმომხილველი):

„აშშ-ში მთელი სიცხადით შედის ძალაში საპრეზიდენტო კამპანია. მნიშვნელოვანი იყო დებატები. ჯო ბაიდენმაც აღიარა, რომ არ გამოუვიდა. ხალხი უკვე რეალურად ალაპარაკდა თუ რა მოხდება დონალდ ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში.
ყველას აინტერესებს უკრაინასთან, ნატოსთან მიმართებით რა ვითარება შეიქმნება. ყველას ახსოვს ტრამპის მუდმივი განცხადებები ნატოს და მისი წევრი ქვეყნების ხარჯების გაღებასთან დაკავშირებით. ცოტა გაურკვეველი რჩება მისი პოზიცია ურაინასთან მიმართებაში“.

კანდიდატებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვთ იმაზე, თუ როგორ მართონ აშშ 2025 წლის იანვრიდან და მსოფლიო საქმეებში რა როლი ითამაშოს ქვეყანამ როგორც სამხედრო ზესახელმწიფომ.
ბაიდენი ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მომხრეა, ტრამპი უფრო იზოლაციონისტურ პოზიციებზეა.

ბაიდენი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს ერთ მუშტად შეიკრან უკრაინის მხარდასაჭერად. ტრამპმა კი ეჭვი გამოთქვა სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის სწრაფად დაარეგულირებს კონფლიქტს, თუმცა არ დააზუსტა როგორ.

კახა გოგოლაშვილი (ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი)

„ძნელი სათქმელია რა შეიცვლება ტრამპის დაბრუნების შემთხვევაში. კონუქტურული კაცია. ვერ დავუჯერებთ მის ვერანაირ განცხადებას. ხშირად აქვს იმპულსური განცხადებები და თანაც არაპროგნოზირებადი ადამიანია. ამიტომ არ არის გამორიცხული 180 გრადუსით შეცვალოს საკუთარი პოზიცია.
ტრამპი იმით გამოირჩეოდა, რომ ევროატლანტიკური ერთობა ლამის დაშალა.

სჯობს მაინც ბაიდენმა გაიმარჯვოს. დასანანია, რომ დემოკრატებმა ვერ შეძლეს უფრო ახალგაზრდა და ენერგიული კანდიდატის შერჩევა. რესპუბლიკელებსაც შეეძლოთ უკეთესის შერჩევა. აშშ-ს პრეზიდენტი ბევრად უფრო სტაბილური პერსონა უნდა იყოს“.

ჯერ კიდევ დეკემბერში პენტაგონის ყოფილი თავკაცი მარკ ესპერი MSNBC-ის ეთერში ამბობდა, რომ ტრამპს შეუძლია ნატო დაშალოს. ტრამპის დაბრუნება გაანადგურებს ბებერ კონტინენტს.

თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, პუტინი უფრო მეტ უფლებამოსილებას მიიღებს, აღნიშნავს ჯონ კერი, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი. The Times-სთან ინტერვიუში კერიმ თქვა, რომ ტრამპი „პირველ რიგში ამერიკაზე იზრუნებს“ და უკრაინას ბედის ანაბარად მიატოვებს.

„კრემლში ელოდებიან, რომ ტრამპი გაიმარჯვებს, უფრო ადვილად დაიჭერენ საქმეს და შედარებით მარტივად შეძლებენ შეთანხმების მიღწევას“, – ამბობს “ფორტუნასთან” ბუკა პეტრიაშვილი.

ტრამპი არაერთხელ აკრიტიკებდა უკრაინის მხარდაჭერის მასშტაბებს და აცხადებდა, რომ თუ მას ხელახლა აირჩევენ, ის დაუყოვნებლივ „გადაწყვეტს ამ საკითხს“.

„ტრამპი ნატოს მკაცრად უტევდა. ნატო გახდა საკვანძო კომპონენტი, რომლის გარშემო გაერთიანდა მთელი ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შეერთებული შტატებისთვის უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმა უაზრობა იქნებოდა“, – განაცხადა კერიმ.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ ტრამპის მითითებით მისმა ფრაქციამ კონგრესში გააჩერა უკრაინის დახმარება 6 თვით და გამოვიდა პრაქტიკულად 9 თვე. ამან უკრაინა ლამის დამარცხებამდე მიიყვანა და დიდი რისკი გააჩინა, რომ დამარცხდებოდა“, – აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

ტრამპის გამარჯვება შესაძლოა უკრაინისთვის კატასტროფად შემობრუნდეს, წერს TNI.
რასაკვირველია, არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ თუ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა, საგარეო პოლიტიკური ვექტორი კარდინალურად შეიცვლება, მაგრამ წინაპირობა, და თან სერიოზული, არსებობს.
დონალდ ტრამპი საკმაოდ გაბედული ადამიანია. გავიხსენოთ, რომ მისი პრეზიდენტობისას იმიგრაციასთან დაკავშირებით როგორ მკაცრ პოლიტიკას ატარებდა, მექსიკასთან კედლის ბოლომდე აშენებას ჰპირდებოდა (ვერ მოასწრო, ხელისუფლებაში ბაიდენი მოვიდა და პროექტის დაფინანსება შეწყვიტა). თუმცა აქ არის ის მომენტიც, რომ ტრამპს სჭირდება კონგრესის თანხმობა აშშ-ს ნატოდან გამოსვლაზე. თუმცა თავად ის შეუძლია, რომ ამერიკულ გარანტიებს აზრი დაუკარგოს ისე, რომ ოფიციალურად არ დატოვოს ალიანსი.

თუმცა შესაძლოა ასე იოლადაც არ იყოს საქმე. კახა გოგოლაშვილი აღნიშნავს:
„ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ სენატს და კონგრესს აქვს დიდი ძალა. მარტო პრეზიდენტი არ განსაზღვრავს. იქ ინსტიტუტებს შორის კარგი ბალანსია. თუმცა ამ ბალანსის პირობებში ტრამპმა შეიძლება ბევრი რამ დააზიანოს საერთაშორისო პოლიტიკაში, რადგან განსაკუთრებით საერთაშორისო პოლიტიკაში პრეზიდენტს დიდი მანდატი აქვს“.

არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც და ეს განსხვავებული პოზიცია ცხადია უნგრეთის პრემიერ მინისტრ ვიქტორ ორბანს ეკუთვნის, რომელიც მარტში სოცქსელებში ვიდეომიმართვისას ამბობდა:
„დონალდ ტრამპის გამარჯვება მთელ მსოფლიოს დიდ სარგებელს მოუტანს. მისი წინა პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში“.
უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ტრამპი პატივისცემას იმსახურებდა და მშვიდობისთვის პირობები შექმნა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ მშვიდობა იქნება მაშინ, როდესაც მოიძებნებიან ლიდერები, რომლებსაც სურთ მშვიდობა. უმჯობესი იქნებოდა თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაბრუნდება“.

ბუკა პეტრიაშვილი:
„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება მომდევნო რამდენიმე თვე. ბაიდენის წარუმატებლად ჩატარებული პირველი დებატების გამო, ისეთი ხმაურიც კი ატყდა, რომ თითქოს აპირებდა აღარ გაეგრძელებინა კამპანია, მაგრამ დაადასტურა, რომ ბოლომდე იბრძოლებს. დემოკრატებში ალტერნატიული კანდიდატებიც კი განიხილებოდა, რამდენიმე ცნობილი გუბერნატორიც, სენატორები, მაგრამ ხმაურიანი დიდი სახელი არის ვიცე-პრეზიდეტი კამალა ჰარისი. გავრცელდა აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, ტრამპი გოლფის მოედანზე საუბრობს: „კარგია ეს ჩვენთვის, კარგია, რომ სულ უფრო სუსტდება ჩვენი დარტყმით ბაიდენი, მაგრამ კამალა ჰარისი ჩვენი ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. წარმოიდგინეთ ის მოლაპარაკებებზე პუტინთან, სი ძინპინთან…“ დაახლოებით ასეთ რამეს ეუბნენა გოლფის მანქანაში ტრამპი თავის გარემოცვას“.

ბევრი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ მილიონობით ამერიკელმა უკვე გააკეთა არჩევანი. თუმცა ბევრს არ მოსწონს არც ბაიდენი და არც ტრამპი და არ არის გამორიცხული მათ ხმა მისცენ მესამე პარტიას ან დამოუკიდებელ კანდიდატს… ან სულაც არ მივიდნენ არჩევნებზე.

ფოტო: theatlantic
economist
npr
vox
euractiv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g