სულ ცოტაც და აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. დონალდ ტრამპმა უკვე გააკეთა ძალიან ხმაურიანი განცხადებები და მოლოდინი დიდია. თუმცა ჯერ ინაუგურაციაა და მის მიერ გაკეთებული არჩევანი, ანუ მიწვეული სტუმრები უკვე იწვევს ინტერესსაც და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებასაც. სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე შეეხო სხვა ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებს, ძირითადად ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას და უკრაინის ფრონტზე შექმნილ სიტუაციას, სადაც შესაძლოა ჩარხი მოტრიალდეს და ნატომ თავისი კონტინგენტიც კი გაგზავნოს.
„მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-სკენ არის მიმართული, სადაც რამდენიმე დღეში, 20 იანვარს გაიმართება დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტია, ვინც მსჯავრდებული გახლავთ. მისი ინაუგურაცია კი, როგორც ექსპერტები საუბრობენ, განსხვავებული იქნება. როგორც წესი ასე არ ხდება ხოლმე, მაგრამ სიახლეა, რომ მან მიიწვია უცხო ქვეყნის ლიდერები, ძირითადად მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე ორიენტაციის ლიდერები, მათ შორის არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ულტრამემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯა მელონი. ის გავლენიანი ფიგურაა და მის სიტყვას სერიოზული წონა აქვს, კარგად აწყობს ურთიერთობებს განსხვავებული პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ლიდერებთან და განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს დონალდ ტრამპთან.
ტრამპმა ასევე მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი. პასუხი ჯერ არ არის, მაგრამ ამ მიწვევით ნაბიჯი გადადგა, რომ მზად არის დიალოგისთვის. ოფიციალურ პეკინსაც აქვს სურვილი შემხვედრი პოზიტიური ნაბიჯი გადადგას.
არ არის მიწვეული ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, არ იქნებიან ევროკავშირის ხელმძღვანელობიდანაც. როგორც წესი, ელჩების დონეზე ესწრებიან ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესოა, რომ მიწვეული იყო უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი. როგორც ჩანს, მას სერიოზული მიზეზი აქვს, რომ არ ჩავიდეს და იმის დემონსტრირება მოახდინოს, რომ ტრამპთან კარგ ურთიერთობებშია. ორბანი 20 იანვარს აპირებს ევროკავშირთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას.
ინაუგურაციაზე წარმოდგენილი იქნებიან ტექნოლოგიური გიგანტების ლიდერები – ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი. აშშ-ში ასევე გაემგზავრება სალომე ზურაბიშვილი და სხვადასხვა თანამდებობის პირებთან შეხვედრებს გამართავს.
ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი გამოსამშვიდობებელი განცხადებით მიმართა ამერიკელ მოსახლეობას. მან საქმიანობა შეაჯამა და წარმოაჩინა ის დადებითი მხარეები, რაც მის საქმიანობას მოჰყვა.
შუა აღმოსავლეთი
„ჰამასი“ ცდილობს გადაუხვიოს შეთანხმებას, რაც ითვალისწინებს 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას და 33 მძევლის გამოშვებას. სანაცვლოდ ისრაელი იღებს ვალდებულებას ათასამდე ჰამასელი გაათავისუფლოს ციხიდან და დაიწყოს ჯარის ეტაპობრივი გაყვანა ღაზის სექტორიდან.
ეს არ არის ომის დასრულება, არ არის საბოლოო შეთანხმება და საამისოდ ჯერ გზა არის გასავლელი.
უკრაინა
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ადრე არც თუ დამაჯერებლად იყო აღქმული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთი წლის დაიწყო საუბარი სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნაზე უკრაინაში, რასაც მაშინ მოყვა უარყოფითი გამოხმაურება. ახლა კი მოულოდნელი ვიზიტით კიევში იმყოფება დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი. ოფიციალურად 100 წლის წინანდელი თანამშრომლობის აღსანიშნავი ვიზიტით არის ჩასული, მაგრამ ყველა საუბრობს, რომ შესაძლოა განიხილებოდეს ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის, ასევე გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, კიდევ ერთი-ორი ქვეყნის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსება.
არსებობს სამი ვერსია: დაშორიშორების ზონაში განლაგდნენ და პატრულირება განახორციელონ. მეორე – კიევის ირგვლივ კონცენტრირდნენ და უკრაინამ უზრუნველყოს დაშორიშორების ხაზის გარშემო უსაფრთხოება. მესამე ვერსიაა, რომ საწვრთნელი მიზნით გაემგზავრონ.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ერთადერთი გრძელვადიანი გამოსავალი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის უკრაინის ნატოში გაწევრიანება“.