აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.
ტრამპმა ცენტრალური აზია „უკიდურესად მდიდარ რეგიონად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ის ხუთივე ქვეყანასთან ამერიკის პარტნიორობის გაძლიერების ერთგულია.
პრესაში იწერება, რომ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებთან შეხვედრა გაიმართა იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი ცდილობს, გააფართოოს თავისი გავლენა რესურსებით მდიდარ რეგიონში, სადაც დიდი ხანია, რუსეთი დომინირებს და დღეს რეგიონის მთავარ სავაჭრო პარტნიორად გადაქცევას ჩინეთი ცდილობს.
–
აშშ-ის შეიარაღებული ძალები დამასკოს ავიაბაზაზე განთავსდებიან. ამ გზით ვაშინგტონი შეეცდება, ხელი შეუწყოს სირიასა და ისრაელს შორის უსაფრთხოების პაქტის რეალიზაციას.
„როიტერი“ წერს, რომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში ეს გახდება სირიის ვაშინგტონისკენ გადაწყობის სტრატეგიული ნიშანი.
დონალდ ტრამპი სირიის პრეზიდენტს, აჰმედ ალ-შარაას თეთრ სახლში 10 ნოემბერს შეხვდება.
–
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ შარაასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ანას ხატაბის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხსნა. რეზოლუციას მხარი საბჭოს 14-მა წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა კი თავი შეიკავა.
–
რუსეთის ნავთობკომპანიების „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად კრემლმა, შეიძლება, ყოველთვიურად 5,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი დაკარგოს, – ამის შესახებ სასანქციო პოლიტიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა, ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ნებისმიერი მცდელობა, შექმნას სანქციების გვერდის ავლის სქემები, არ მუშაობს, რადგან დასავლეთი შეთანხმებულად მოქმედებს.
–
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ინდოეთმა რუსეთისგან ნავთობის შეძენა უმეტესწილად შეწყვიტა.
„ყველაფერი კარგად მიდის. მან ძირითადად შეწყვიტა რუსეთიდან ნავთობის ყიდვა. ის ჩემი მეგობარია. ჩვენ ვისაუბრეთ და მას სურს, რომ იქ ჩავიდე, ამას გავარკვევთ. მე წავალ. ის შესანიშნავი ადამიანია და მე იქ ჩავალ“, – განაცხადა ტრამპმა.
–
პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მომზადების ახალ პროგრამას იწყებს.
ეს არის პოლონეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწვალება. პროგრამა სახელწოდებით „მზადყოფნაში“ ნებაყოფლობითი იქნება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოქალაქეს, სკოლის მოსწავლეების და ხანდაზმულების ჩათვლით. პროგრამა მოიცავს უსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, სამედიცინო მომზადებას, კიბერუსაფრთხოების გაკვეთილებს.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე პოლონეთი თავდაცვის ხარჯებით ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს.
–
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ნატო-ს სტანდარტებზე გადადის.
მისი თქმით, აზერბაიჯანის არმია რეფორმების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის შეიარაღებულ ძალებთან. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა ბაქოსა და ნატო-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას.
–
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში მსოფლიოში დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად დარჩება.
„ომი დასრულების შემდეგ რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე არ გაქრება. უახლოს მომავალში რუსეთი დარჩება დესტაბილიზაციის გამომწვევ ძალად ევროპასა და მსოფლიოში“, – განაცხადა მარკ რუტემ ბუქარესტში გამართულ ფორუმზე უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას.
–
ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან სამხრეთ კორეისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ავრცელებს.
რაკეტის გაშვებას ადასტურებს ოფიციალური ტოკიოც. გაშვებული რაკეტა იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის მიღმა, ზღვაში ჩავარდა. მიყენებულ რაიმე სახის ზიანზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
–
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნიგერიას ყველანაირი დახმარების შეწყვეტითა და სამხედრო მოქმედებების განხორციელებით დაემუქრა. აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.
„ნიგერიის მთავრობა ქრისტიანების მკვლელობას კვლავ თუ დაუშვებს, აშშ დაუყოვნებლივ შეწყვეტს ნიგერიისთვის ყველანაირი დახმარების მიწოდებას. ჩვენ ნიგერიას ისეთ რაღაცებს გავუკეთებთ, რაც არ გაუხარდებათ.“

ფოტო: reuters
