დედაქალაქის მერის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლის მცდელობის 524 ფაქტი გამოვლინდა, 3 790 მგზავრს კი პირბადის ტარებასთან დაკავშირებით გაფრთხილება მიეცა.
მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარების თაობაზე დაწყებული დაპირისპირების გამო ერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.
„მინდა სტატისტიკა მოგაწოდოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში იმ რეგულაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით, რაც არის მოთხოვნილი ზოგადად ეპიდემიოლოგების მხრიდან. ძირითადად ეს არის პირბადის ტარება, რათა დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება და სიცოცხლე. პირბადე არის ყველაზე მეტად დამცავი შესაძლებლობა, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. რაც შეეხება სტატისტიკას.
524 მგზავრი ეცადა ასვლას პირბადის გარეშე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან იქნა აღკვეთილი და მათ არ მიეცათ ამის შესაძლებლობა. 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის ტარებასთან დაკავშირებით. ძირითადად ცხვირზე არ ჰქონდათ აფარებული. საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო.
ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს და ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იქნა მიცემული მითითება, რომ გაეკეთებინა პირბადე.
ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. აქტიურად არიან ჩართული თავად მგზავრები ამ პროცესში და პირველ რიგში ისინი მოითხოვენ იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ცდილობს პირბადის გარეშე ავიდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ან უბრალოდ მიზანმიმართულად არ იკეთებს პირბადეს. ეს სერიოზულ გაღიზიანებას იწვევს მგზავრებში. ეს კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი გავუფრთხულდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ეს მოთხოვნები, რადგან ეს მოქალაქეების დასაცავად კეთდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.