გავლენიანი სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.
სტატიაში სათაურით „ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“, საქართველოსთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდნენ.
სტატიის ავტორმა, ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
„გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზეა. გუდაური ბიუჯეტური კურორტია. თუ გამოცდილი მოთხილამურე ხართ, არ გამოტოვოთ ღამის სრიალი. პარაპლანი უმაღლესი სათავგადასავლო ტურია, დიახ, აქ ზამთარშიც შეიძლება გაფრენა. აუცილებლად დაიტოვეთ დრო თბილისისთვის, ძველ ქალაქს სრიალამდე ან სრიალის შემდეგ ეწვიეთ “, – წერს იოლანდა ევანსი.
სტატიის ავტორი გუდაურის კვების ობიექტებსაც აღწერს და მკითხველს ურჩევს, დააგემოვნოს ხაჭაპური, ჯიპ ტურით მოიაროს გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.