LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსსუ-ის დელეგაცია სამუშაო ვიზით ვაშინგტონში იმყოფებოდა

402
თსსუ-ის დელეგაცია სამუშაო ვიზით ვაშინგტონში იმყოფებოდა

2024 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია – რექტორის, პროფესორ ირაკლი ნატროშვილის, კანცლერის ალექსანდრე ბუაჩიძის  და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ არჩილ უნდილაშვილის შემადგენლობით – ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში  იმყოფებოდა. 

თსსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიწვეული იყვნენ აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტში (Walter Reed Army Institute of Research – WRAIR), რომელიც აშშ-ის ყველაზე დიდ ბიოსამედიცინო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. 

თსსუ-ის დელეგაციას ვოლტერ რიდის ინსტიტუტის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ელი ლოზანომ და დირექტორმა, პროფესორმა ნელსონ მაიკლმა უმასპინძლეს. მათ სტუმრებს დეტალურად გააცნეს აშშ-ის ვოლტერ რიდის ინსტიტუტის საქმიანობა, როგორც აშშ-ში, ასევე მთელს მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ, საქართველოში აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობა (ლუგარის ლაბორატორია) ფუნქციონირებს.

თავის მხრივ, თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა და კანცლერმა, ბატონმა ალექსანდრე ბუაჩიძემ მასპინძლებს წარუდგინეს პრეზენტაცია თსსუ-ის, როგორც რეგიონში მოწინავე და ყველაზე მაღალრეიტინგული უმაღლესი სამედიცინო განათლების მიმწოდებელი დაწესებულების შესახებ.  პრეზენტაციების შემდეგ მხარებმა ისაუბრეს თანამშრომლობაზე, რომელიც ითვალისწინებს თსსუ-ის სტუდენტებისათვის, კლინიკური კვლევების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების მიზნით, პრაქტიკული პროგრამების საჭიროებისათვის აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლობის და თსსუ-ის კლინიკურ ბაზების გამოყენებას, ასევე, ერთობლივი სასწავლო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას, ინფექციის კონტროლის და პრევენციის, ანტიბიოტიკრეზისტენტული ინფექციების მენეჯმენტისა და ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციამ ქალაქ ვაშინგტონში ორგანიზაცია „მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“  დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. თსსუ-ის დელეგაცია შეხვდა ამერიკელ კოლეგებს, სამედიცინო დარგის ცნობილ მოღვაწეებს. 

„მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობრების“ დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მიღწევების, დამსახურებული პირებისა და ორგანიზაციების ღვაწლის აღსანიშნავად იმართება და მასში მონაწილეობას საჯარო, პროფესიული და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები იღებენ. 

წლევანდელ ცერემონიაზე დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიცაა პროფესორი ერიკ ტოპოლი, სამეცნიერო ორგანიზაცია “სკრიპპს რესერჩ”-ის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი, ნობელის ლაურეატი, კომპანია ბიონტეკის კონსულტანტი, პროფესორი კატალინ კალინკო, კომპანია ბიონტეკის აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი გურ საჰინი და  სამედიცინო დირექტორი, ქალბატონი ოზლემ ტურეჩი.

ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს ემორის უნივერსიტეტმა თსსუ-ის დელეგაციის წევრებისთვის, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის სამეცნიერო ინსტიტუტის, აშშ-ის კონგრესის სამეცნიერო ფონდისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის საზეიმო მიღება ჩაატარა ვაშინგტონის კლუბში „კოსმოსი”. ღონისძიების მიზანი იყო დამსწრე საზოგადოების ერთმანეთისთვის წარდგენა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა.

mazda magti 5g