LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ გია ბუღაძის მიერ უნივერსიტეტის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს

206
BeFunky-collage - 2022-12-06T000433.382

შევთავაზეთ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას, – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გია ბუღაძის შესაძლო გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით, ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სიცრუეა.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმიანება გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი გია ბუღაძე გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია. სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ 5 კრედიტი”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც თსუ ავრცელებს.

როგორც გია ბუღაძე “ფორმულასთან” ინტერვიუში აღნიშნავს, უნივერსიტეტს მისთვის კონტრაქტის გაგრძელება არ შეუთავაზებია.

მისივე მოსაზრებით, კონტრაქტი არ გაუგრძელეს, რადგან “ქართული ოცნების” პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

“გათავისუფლებას ვერ ვიტყვი, უბრალოდ, კონტრაქტი არ გაგრძელდა. ბუნებრივია, ეს ნიშნავს – “მოდი, რა, შენ თვითონ დაახვიე აქედან”. როცა 3 თვე ლექციებს კითხულობ და არა ხელშეკრულება, არავითარი ოფიციალური გაფორმება… 16 წელია მე ჯავახიშვილში ვმუშაობ, მიყვარს ეს ბავშვები, ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და მომწონს, თან ველაპარაკები ხელოვნებაზე და კულტურის პროცესებზე, მიმდინარე პროცესებზე, როგორც ისტორიულად, ისე დღეს.

ვფიქრობ, რომ ჩემი კონტრაქტის შეწყვეტა და არგაგრძელება, თან ასე ჩუმად, მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ ვარ ქოცი. არ ვარ არანაირად ქოცი, პირიქით, შინაგანად ვეწინააღმდეგები მათ დამანგრეველ პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და აქედან გამომდინარე სადამსჯელო ჩაატარეს, მაგრამ ჩაატარეს ძალიან რბილად, დიპლომატიურად – არ გაგრძელდა კონტრაქტი და, ბუნებრივია, კონტრაქტი თუ არ არის, ნიშანსაც ვერ დაწერ, გამოცდას ვერ ჩაატარებ, ბავშვს ვერ მისცემ თემას. რეალურად, მე მივხვდი, რომ მათ უნდათ ჩემი ასე განდევნა”, – განაცხადა ბუღაძემ “ფორმულასთან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g