LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ის მართვის ორგანოები სტუდენტებს დიალოგისკენ მოუწოდებენ

54

“იმისათვის, რომ თსუ დაუბრუნდეს საუნივერსიტეტო ცხოვრებას, ვითარება დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს, საჭიროა სტუდენტებს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვა, რასაც არამარტო საუნივერსიტეტო საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომა ესაჭიროება.” – ამის შესახებ თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლმა, დარეჯან თვალთვაძემ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების სახელით დღეს განაცხადა. მისი თქმით, დაძაბულობა სხვა მიზეზებთან ერთად განპირობებულია იმ საკანონმდებლო გაურკვევლობით, რაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მოლოდინმა შექმნა.

„უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ ჩარჩოებს. ვთხოვთ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, საქართველოს პარლამენტს რაც შეიძლება მალე დამთავრდეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის პროცესი, რომელიც სტუდენტური ორგანიზაციის სტატუსს განსაზღვრავს. ეს იქნება ერთგვარი ხელშემწყობი ფაქტორი იმისა, რომ დაპირისპირება სტუდენტებს შორის აღარ იყოს. ჩვენ პარალერულად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, თუ როგორი ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი ეს ინსტიტუცია ჩვენს უნივერსიტეტში, რაც პოზიციების შეჯერების შედეგად უნდა მოხდეს. მაგრამ გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მისაღები აქვს მთავრობასა და პარლამენტს.“ – აღნიშნა თვალთვაძემ.

ამასთან, უნივერსიტეტის მართვის ორგანოების წამომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონმდებლობით სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციები და მოვალეობები მკაფიოდ გაწერილია და კანონში ცვლილების შეტანამდე სტუდენტებს ამ კანონით გაწერილი უფლება-მოვალეობების შესრულება უნდა შეეძლოთ.

თსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრის, ელგუჯა მექვაბიშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე ,,აუდიტორია 115’’-მა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით თვითმმართველობის დაკავებული ოთახები უნდა დატოვოს.

„უნივერსიტეტის პროფესურის, სტუდენტთა დიდი ნაწილის, ადმინისტრაციის მოთხოვნაა დამთავრდეს ეს ძალიან ცუდი პროცესი და ყველაფერი დაუბრუნდეს კანონის ჩარჩოებს. ჩვენი აზრით, პირველ ეტაპზე ,,აუდიტორია 115’’-მა ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით უნდა დატოვოს თვითმმართველობის დაკავებული ოთახები. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს დიალოგი და ჩვენ ყველამ ერთად მშვიდ ატმოსფეროში უნდა ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რომელიც მრავლად არის და რომელიც უნდა გადაწყდეს.“- აღნიშნა მექვაბიშვილმა.

როგორც თსუ-ის საგანგებო განცხადებაში ნათქვამი, საკანონმდებლო ცვლილებებამდე ადმინისტრაციაში მიღებულია გადაწყვეტილება 213-ე და 303-ე აუდიტორიების ინვენტარიზაციის შესახებ იქ არსებული მატერიალური ქონების აღწერის მიზნით. ასევე გამკაცრდება რეაგირება სტუდენტებისა და პროფესორების მხრიდან არამართლზომიერი ქმედებებისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე, რაც არაერთხელ დაფიქსირდა ამ პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g