„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე აღნიშნა, რომ ვიმოქმედებთ კანონის დაცვით“, ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა გიორგი შერვაშიძემ განაცხადა.
,,ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და ის ჩვეულებრივ გარემოში ჩატარდება. ვისაც უნდა მონაწილეობა, მიიღებს მონაწილეობას. კანონიდან გამომდინარე, ყველამ კარგად იცოდა, რომ არჩევნები ჩატარების ბოლო ვადა იყო 25 ნოემბერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე განაცხადა, რომ ვიმოქმედებთ კანონის დაცვით. დღევანდელი წესით ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და იქნას არჩეული, ეს არის პირდაპირი არჩევნები და ეს ხდება პირველად საუნივერსიტეტო სივრცეში,“ – განაცხადა შერვაშიძემ.
რაც შეეხება ”აუდიტორია 115”-ის მოთხოვნას და პროტესტის ფორმას, შარვაშიძე გარკვეულ მოთხოვნებში ”აუდიტორია 115”-ს ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, ხოლო პროტესტის ფორმას მიუღებელს უწოდებს.
”ვეთანხმები, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწორუფლებიანი. ძალიან მომწონს იდეა – ავტონომია უნივერსიტეტს. რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით არის განხორციელებული ეს პროტესტი, გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს”, – განაცხადა თსუ-ს რექტორმა.
დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეექვსე მოწვევის თვითმმართველობის არჩევნები იმართება. თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანი 10 საათზე გაიხსნა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კენჭისყრის პროცესი 18 საათამდე გაგრძელდება. ყველა აქტიური სტატუსის მქონე დაინტერესებულ მხარეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრის პროცესში. ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დასრულებიდან დაახლოებით 2 საათის მანძილზე გამოაცხადებს შედეგს.
დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, სტუდენტთა ნაწილს 24 მაისს წარდგენილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი თვითმმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით, თუმცა, წარდგენიდან 6 თვეა გასული, სარჩელის განხილვა არ მომხდარა, ამიტომ ეს ფაქტი ვერ იქნება დღევანდელი არჩევნების შემაფერხებელი.