LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-ში სტუდენტები კვლავ აქციას მართავენ, უნივერსიტეტში კი აცხადებენ, რომ აუდიტორული სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა

153
თსუ-ს სტუდენტები

თსუ-ის სტუდენტები უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მორიგ საპროტესტო აქციას მართავენ და რექტორთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც ისინი თავად ამბობენ, პროტესტს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ.

თავად თსუ-ში კი აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას სტუდენტებთან შეხვედრა უკვე რამდენჯერმე  ჰქონდა, სადაც მათ გამოცდების ჩაბარების ფორმებსა და სასწავლო პროცესის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შესახებ ესაუბრნენ, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით კვლავ ვერ შედგა.

სტუდენტები სწავლის შერეულ რეჟიმზე (აუდიტორია, დამატებით დისტანციური) გადასვლას ითხოვენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის მხრიდან სწავლების ამ ფორმებზე უარსა და რექტორისა და ადმინისტრაციის დამოკიდებულებას აპროტესტებენ.

თსუ-ში 2 მაისიდან (დარჩენილი ნახევარი სემესტრი) უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიაში გადავიდა.

სტუდენტები მოითხოვენ, რომ დარჩენილ პერიოდშიც იყოს შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, დისტანციურად ისწავლონ, ვინაიდან აუდიტორიაში დაბრუნება ბევრისთვის უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ ბარიერთანაა დაკავშირებული, რომლის მოგვარებაც სტუდენტებისთვის მიცემულ პერიოდში ვერ მოხდება.

მათი თქმით, რეგიონში მცხოვრები სტუდენტები 2 თვის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, აწყდებიან ბევრ ბარიერს გაძვირებული ქირის გამო. სტუდენტები დღის წესრიგში ასევე აყენებენ უნივერსიტეტში საბინაო პოლიტიკის მოგვარების საკითხსაც.

როგორც თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი, აკაკი მიქაბერიძე ამბობს, მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრი 7 მარტს დაიწყო, ხოლო იმჟამად არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძირითადმა ფაკულტეტების რაოდენობამ სწავლის პროცესი ონლაინ რეჟიმში განაახლა.

მიქაბერიძის თქმით, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, რამდენიმე ათეული საგანი სტუდენტებს მაშინაც აუდიტორიაში შესთავაზეს და  ესეც თავად მათი მოთხოვნიდან გამომდინარე.

დღეს მდგომარეობით კი, მას შემდეგ, რაც აუდიტორული სწავლა განახლდა, სტუდენტების მხრიდან ისევ ჰიბრიდულ, შერეულ რეჟიმში სწავლის გაგრძელების მოთხოვნა დადგა. მიქაბერიძის თქმით,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებმა ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირეს.

„გავითვალისწინეთ რა, სტუდენტების სოციალური მდგომარეობა და ზოგადი ფონი, თითქმის ყველა საგანი შერეულ ფორმატში შევთავაზეთ, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენიმე დღე სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ და აუდიტორიაში დაესწრონ ლექცია/სემინარებს ან ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესში მონაწილეობა მიიღონ.

დღეის მდგომარეობით, სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გამოცდების ონლაინ ფორმატში დატოვებაა, რაც ვფიქრობ, თვითონ სასწავლო პროცესის ხარისხსა და შეფასების სისტემას ეჭვქვეშ დააყენებს.

ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუდიტორულ სწავლებას, ლექტორებთან კომუნიკაციას და ა.შ, მათ შორის, იმას, რომ სტუდენტის შეფასება დასწრების რეჟიმში, აუდიტორიაში მოხდეს, ამას ალტერნატივა არ გააჩნია“, – ამბობს მიქაბერიძე.

თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი ამბობს, რომ ამისთვის უნივერსიტეტმა დამატებითი საგამოცდო ცენტრების მობილიზება უზრუნველყო. მისივე სიტყვებით, ეს ცენტები ქუთაისში, ახალციხეში, სადაც რეგიონის სტუდენტებს შეუძლიათ საგამოცდო ცენტრებში მივიდნენ და დასწრებულ რეჟიმში გამოცდები ჩააბარონ.

„ამ ეტაპზე, 200 სტუდენტია რეგისტრირებული, ერთ-ერთი ყველაზე დიდი რიცხოვნობა ჩვენს ფაკულტეტზეა, დაახლოებით 60 სტუდენტამდე. ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ არის.

ხოლო რაც შეეხება ინდივიდუალურ შემთხვევებს, როდესაც სტუდენტს რაიმე კონკრეტული საჭიროება აქვს, ჯანმრთელობის პრობლემაა ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლასთანაა დაკავშირებული, ასეთ შემთხვევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თვითონ ფაკულტეტების დეკანატი მათთან კომუნიკაციაზეა და ზრუნავს, რომ სხვა გზები გამონახოს, ეს იქნება გამოცდების სექტემბერში გადატანა ან სხვა რამე ალტერნატიული ფორმის შეთავაზება.“ – განაცხადა აკაკი მიქაბერიძემ.

 

 

 

ფოტო: „პუბლიკა“

პოპულარულები