LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ადრე ყველაფერი დასაქმებულის, გარდაცვლილის ან დაშავებულის ბრალი იყო, დღეს ასე არ არის, დინამიკაში კი უბედურმა შემთხვევებმა იკლო – ირაკლი პეტრიაშვილი

103
8323576a-ac8e-4860-b674-02eaa5053999-cx5-cy0-cw74-w1200-r1-2020-05-05-17-19-48-804189

თბილისში, სამშენებლო ობიექტზე მუშა ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემით, ორი ტიპის დარღვევა იკვეთება. ასეთია პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის პირველადი ინფორმაცია, თუმცა ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ახლა სრულყოფილი გამოძიებით უნდა დადგინდეს, თუ რატომ დადგა ფატალური შედეგი და  ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა.

“ფორტუნას” გადაცემაში დღის თემა ირაკლი პეტრიაშვილმა ქვეყანაში შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებულ სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო მონაცემებით, უბედური შემთხვევების რაოდენობა კლებულობს.

როგორც პეტრიაშვილი ამბობს, კლების ტენდენცია რეგულაციების გამკაცრების შედეგია, თუმცა მიიჩნევს, რომ იმპლემენტაციის თვალსაზრისით გარკვეული ხარვეზებია.

რეალურად, მშენებლობიდან გადმოვარდნა არ იყო - რა მოხდა ობიექტზე, სადაც მუშა დაიღუპა

"დამსაქმებლის, სამუშაოს მწარმოებლის მხრიდან ეს უნდა ყოფილიყო ხიმინჯებით შემოზღუდული, რათა იქ ადამიანი არ მისულიყო".

“დინამიკაში უბედურმა შემთხვევებმა იკლო. ბუნებრივია, ეს სწორედ რეგულაციების, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა და მარეგულირებელი ორგანოების მუშაობის დამსახურებაა. შრომის ინსპექცია მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებს, ჩვენი ჩართულობა ისე როგორც დამსაქმებლების არის უზრუნველყოფილი. მაგრამ ბიუჯეტიდან გამომდინარე  მისი შესაძლებლობები მწირია. მას არ აქვს რეგიონალური შესაძლებლობები, არ ჰყავს თანამშრომელთა ის რაოდენობა, რაც განკუთვნილია კონტროლის კარგად განსახორციელებლად. მიუხედავად ამისა, კლება დინამიკაში ფიქსირდება. სკეპტიკოსები ამას პანდემიას აბრალებენ, მაგრამ ეს ასე არ არის. როგორც მძიმე მრეწველობასთან ასევე მშენებლობასთან დაკავშირებით კარანტინის პერიოდში აქტიურად შეჩერება არ ყოფილა.”- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

სტატისტიკის მიმოხილვისას პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ შრომის ინსპექციას სანქცირება მოუხდენია როგორც ფინანსური კუთხით, ასევე დამსაქმებლის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დამდგარა.

“ამ კუთხითაც არის გარღვევა, თუ ადრე ყველაფერი დასაქმებულის, გარდაცვლილის ან დაშავებულის ბრალი იყო, დღეს ასე არ არის”.- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ერთ-ერთ მთავარ გამოსავლად პეტრიაშვილი ცნობიერების ამაღლებას მიიჩნევს.

“ყველაზე დიდი პრობლემა ცნობიერების ამაღლებაა. საჭიროა, როგორც დასაქმებულების, ასევე, მოქალაქეების ცნობიერება იყოს ამაღლებული. შრომის ინსპექტორად თავს თქვენც და მეც უნდა განვიხილავდეთ. თუ დავინახავთ, რომ ელემენტარული დარღვევაა მშენებლობაზე, შესაბამის ორგანოს უნდა ვაცნობოთ. დამსაქმებელმა კი უნდა უზრუნველყოს სტანდარტების დაცვა”- აღნიშნა პეტრიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები