22 ივნისს თაკო მელიქიშვილმა და ეზოთერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „გზაჯვარედინი“ მიმდინარე თვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. რადიოს მსმენელმა გაიგო, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს სამყარო ამ პერიოდში და როგორ უნდა გამოიყენოს ეს დრო სასარგებლოდ.
ანზორ ოდიშარია: ახლა ის პერიოდია, როცა შინაგანად მოდის ძალა, რომელიც გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა არის სწორი გზა, რომელი მიმართულება ჯობია ჩვენთვის. ამას აუცილებლად იგრძნობს ადამიანი და ის აუცილებლად გააქტიურდება და ეცდება, რომ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ახალ ნაცნობებს დაანახოს თავისი ახალი ძალა, ეცდება, გაუზიაროს და შთააგონოს სიყვარულის უნარი. ჩვენ, მთელი მსოფლიო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ. ამ სამყაროში შემთხვევით არავინ დაბადებულა და ადამიანებს არ აქვთ უფლება, განსაჯონ ვინ არის კარგი, ვინ არის ცუდი, ვისი ადგილი არის აქ და ვისი არა. სამყარო გვეუბნება, რომ გვიყვარდეს და ჩვენ სამყაროს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ასეთები, ამ ენერგიით სავსე. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში გამოვზრდით ახალ ძალას, ახალ უნარებს, ახალ პერსპექტივებსა და მიზნებს. ძალიან დიდია იმის შანსი, რომ ამ პერიოდში დასახული მიზნები აგისრულდეთ. ჩვენი წინაპრები იმასაც ამბობდნენ, რომ დღეიდან, 22 ივნისიდან მორიგი 40 დღის განმავლობაში ჩვენს ცხოვრებაში თუ შემოვიდოდა მეორე ნახევარი, ეს ნამდვილად ის ადამიანი იქნებოდა, რომელიც უნდა გვიყვარდეს, რომელიც ჩვენს გვერდით უნდა იყოს. ამ პერიოდში ყველაზე მაღალია იმის ალბათობა, რომ პარტნიორული ურთიერთობა შედგეს. მთავარია, არ შეგვეშინდეს ემოციების გამოვლენის. ამ პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ ნეგატიური აზრებისგან და ფიქრებისგან. თუ ჩვენ გავაქტიურდებით, გავიცნობთ ახალ ადამიანებს, აუცილებლად მოვა ის მეორე ნახევარი, რომელსაც ვეყვარებით ისეთები, როგორებიც ვართ.
ჩვენ ამ პერიოდში ვიხილავთ განსაკუთრებულ, საინტერესო ცვლილებებს, თუნდაც პოლიტიკურ ფლანგზე. ვიხილავთ განახლებებს მსოფლიო დონეზე. ვერ გეტყვით, კარგი თუ ცუდი, მაგრამ დიდი ცვლილებები იქნება.
ამ 40 დღის განმავლობაში არ შეიძლება: არავის განსჯა, მოტყუება, მკრეხელობა და ა.შ. ყველა ასეთი მოქმედება პირდაპირ აისახება თქვენი სიცოცხლის ხაზზე. ითვლება, რომ ამ პერიოდში ხორცის მირთმევაც არ არის სასურველი. არ შეიძლება ფულის გასესხება და ასევე არ არის სასურველი ფულის სესხებაც.
თუ ამ თვეს სწორად გაატარებთ, შეინარჩუნებთ თქვენს მიზნებს, დაიჭერთ თქვენს წარმატებას, მაშინ შემდეგი 12 წელი ბედნიერი გექნებათ.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი თუ მას უკვე ჰყავს მეორე ნახევარი?
თუ ადამიანს უკვე ჰყავს პარტნიორი, მაშინ ახალი ძალა, ახალი ფერები, ახალი სიცოცხლე უნდა შემატოს ამ ურთიერთობას, უნდა გადაასხვაფეროს, რადგან ყველა ურთიერთობას აქვს ის კრიტიკული მომენტი, როცა წყვილის ქიმიური პროცესი ქრება.
როგორი იქნება ეს პერიოდი წყვილისთვის, რომელიც ნაჩხუბარი, დაშორებულია?
ამ პერიოდში მაღალია ამ ურთიერთობის განახლების შანსი, თუ ურთიერთობამ უკვე მტკიცედ არ დასვა საბოლოო წერტილი. მე ყველას ვეუბნები, რომ დასრულებული ურთიერთობის გაგრძელება სასურველი არ არის. აუცილებლად უნდა დასრულდეს ურთიერთობა, რომელიც ტოქსიკურია, გზღუდავს, ხელს უშლის შენს განვითარებას და ა.შ. ურთიერთობა ბედნიერებით და ენერგიით სავსე უნდა იყოს.
როგორია ეს 40 დღე ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
მიწის სტიქიის ადამიანები ადგილიდან უნდა დაიძრან, განაახლონ მათი სასიცოცხლო ფუნქცია, თუმცა არ უნდა გადაიწვან. თუ ხართ ტოქსიკურ სამსახურში, ტოქსიკურ ურთიერთობაში, თუ არაკომფორტულად გრძნობთ თავს და გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები და ამას აღნიშნულ გარემოებებს უკავშირებთ, აუცილებლად უნდა შეიცვალოთ გარემო. თუ გრძნობთ, რომ გარკვეული მოქმედებები გჭირდებათ თქვენი ცხოვრების შესაცვლელად, მაშინ თამამად იმოქმედეთ.
წყლის ნიშნებს ამ პერიოდში განსაკუთრებული ემოციური მოზღვავება აქვთ. აქვთ შეგრძნება, რომ მოდის ტალღა, რომელსაც უნდა გაჰყვნენ და რომ ეს დინება მათ გარკვეულ გამოცდილებას მისცემს. ნუ იქნებით აღელვებულები, იყავით ჰარმონიულები, მშვიდები, წარმატებულები. ყურადღება მიაქციეთ თქვენს შიშებს, ზრახვებს, წყენებს, იმ ემოციებს, რომელიც ზედაპირზე ამოვა და გათავისუფლდით მათგან. ამ პერიოდში ემოციური განახლების პერიოდი გაქვთ.
ჰაერის ნიშნებს წარმატების პერიოდი აქვთ, მათი ძალა არის მაქსიმალური და მათ თავისუფლად შეუძლიათ მიაღწიონ დასახულ მიზნებს. აუცილებელია: მენტალური გადაწყობა, ახალი ინფორმაციების მიღება, ცნობიერების განვითარება. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, თქვენს ბედისწერაზე დიდ გავლენას იქონიებს, ამიტომ კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იფიქრეთ საკუთარ კეთილდღეობაზე.
განსაკუთრებულად გაძლიერებული ენერგია აქვთ ცეცხლის ნიშნებს. ეს გაძლიერებული ენერგია მათ აფექტურობისკენ, იმპულსურობისკენ, სწრაფი მოძრაობისკენ , ემოციების ამოხეთქისკენ მოუწოდებს. ხშირად უნდა გამოათავისუფლოთ თქვენი ემოციები, ენერგია და უნდა დაიცალოთ. უნდა იყოთ აქტიურები, მიზანმიმართულები. პოზიტიური შედეგების მისაღებად, უნდა იმუშაოთ და ჩადოთ რესურსები თქვენს საქმიანობაში.
ყველა ზოდიაქოს ნიშანს ვურჩევ, რომ ამ პერიოდში მიზანმიმართულად იმუშაონ, რადგან ამ პერიოდში ბევრი რამის გამოსწორებაა შესაძლებელი, ჯანმრთელობის, ურთიერთობების, ფინანსური კეთილდღეობის და ა.შ. ამ პერიოდში შეგვიძლია დავხატოთ მზე, სხივებით და ნათელი ფერებით და შეგვიძლია შიგნით ჩავწეროთ ჩვენი სურვილები, მიზნები, გეგმები. შემდეგ ეს ნახატი 1 წლის განმავლობაში უნდა შევინახოთ. შეგიძლია ნახატი საფულეში ან ჩვენს საძინებელ ოთახში მოვათავსოთ.
განსაკუთრებული მზრუნველობა უნდა გამოვიჩინოთ ბავშვების მიმართ, რადგან როგორც გავზრდით, ისეთი ბედისწერა ექნებათ. ბავშვის ძირითადი ბედისწერა 12 წლამდე ყალიბდება, ამიტომ იზრუნეთ მათზე. თქვენი დანაშაულები სიყვარულით და მზრუნველობით შეგიძლიათ გამოასწოროთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“გზაჯვარედინი”. მეჩვიდმეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად