უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ფეისბუკზე გამოქვეყნებული ღია წერილით მიმართავს.
ის სასამართლო სისტემაში კლანურ მმართველობაზე წერს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, კლანს სახლში წასვლისკენ მოუწოდოს.
„თქვენ მე მიცნობთ და შესწავლილი გაქვთ ჩემი ფსიქოლოგია, ხშირად ყოფილა ჩემი პიროვნება თქვენს კაბინეტებში განხილვის საგანი, კარგად თუ ავად. არაერთხელ მიმიღია შემოთავაზება მაღალ თანამდებობაზე, თუმცა არც ერთხელ არ მივიღე თქვენი წინადადება. რომ არ დაგღალოთ და ზედმეტად დაგტვირთოთ ემოციებით, მინდა პირდაპირ გითხრათ ის, რაც თქვენთვის მაქვს სათქმელი —
მოგიწოდებთ, უშუალოდ მიმართოთ სასამართლოს „კლანის“ წევრებს „შინაურულად“ და ურჩიოთ სახლში წასვლა.
მართლაც ელოდა მთელი სასამართლო კორპუსი მათგან გათავისუფლებას, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ იმედი გაუცრუეთ პატიოსან და კეთილსინდისიერ მოსამართლეებს. ახლა, როცა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, თქვენ გაქვთ შანსი ისტორიაში შეხვიდეთ როგორც ჩვენი სახელოვანი წინაპრების გზის გამგრძელებელი, რომელთა სანუკვარი ოცნება იყო ევროპულ ოჯახში დაბრუნება და მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს დაფუძნება — არა ისეთის, რომელიც დღეს ვერ სარგებლობს ნდობით და რომელსაც სახელი აქვს გატეხილი“, – ნათქვამია წერილში.
ამავე მიმართვაში ბესარიონ ალავიძე ამბობს, რომ თუ მისი საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საფრთხე შეექმნებათ, ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილმა უნდა აიღოს.
“თქვენ გაქვთ შანსი გააუვნებელყოთ თქვენს ხელში არსებული ნაღმი და შეასრულოთ ისტორიული მისია. შეგიძლიათ წარდგეთ მართალი მომავალი თაობების წინაშე და ბოლოს,
თუ ამ წერილის გამო ჩემს ოჯახის წევრებს ან ახლობლებს შეექმნებათ მცირედი საფრთხე მაინც, თქვენ უნდა აიღოთ ეს პასუხისმგებლობა, მე საკუთარი თავი გადადებული მაქვს!“- წერს ბესარიონ ალავიძე.
ბესარიონ ალავიძე 2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. 2011 წლის თებერვლიდან კი ათი წლის ვადით იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.