როგორ ვიქცევით მაშინ, როდესაც ჩვენი შვილი ხშირად არის ჩაკეტილი, არ საუბრობს, მოწყენილია ან პირიქით, ხშირად გამოხატავს აგრესიას, თუ მეგობრებთან შეასუსტა ურთიერთობები, მკვეთრად დაეცა მისი აკადემიური მოსწრებაც… რა დგას პრობლემების მიღმა და რა როლი აქვს ამ პროცესში სოციალურ პედაგოგიკას?
“თუ ბავშვი სოციალურ ფუნქციონირებას სათანადოდ ვერ ახერხებს, ის ვერ გრძნობს თავს ბედნიერად,” – ამბობს “კვირის თემის” სტუმარი, სოციალურ პედაგოგიური ცენტრ “კომპასის” სოციალურ-პედაგოგიური მიმართულების ხელმძღვანელი თეა ტყემალაძე და გვესაუბრება ბავშვებსა და მოზარდებში ქცევის სირთულის მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ.
“ყველა ადამიანშია ბრილიანტი, ჩვენ მოზარდებს მის აღმოჩენასა და გაბრწყინებაში უნდა დავეხმაროთ”
თეა ტყემალაძე: “სოციალური პედაგოგიკა, როგორც აკადემიური განათლება ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს. ეს არის დისციპლინა, რომელიც ერთდროულად პროფესიაც არის და ხელოვნებაც. ის რამდენიმე პროფესიის მიჯნაზე აღმოცენდა და ყველაზე ახლოს არის სოციალურ მუშაობასთან, ფსიქოლოგიასთან და პედაგოგიკასთან.
სოციალური პედაგოგიკა თავისი არსით უნიკალურია და მუშაობს მთავარი დევიზითა და პრინციპით – ყველა ადამიანშია ბრილიანტი, რომელიც შესაძლოა არ ბრწყინავდეს.
ჩვენ სოციალური პედაგოგები სწორედ იმაში უნდა დავეხმაროთ მათ, რომ აღმოაჩინოს საკუთარ თავში ეს ბრილიანტი, რომელიც შესაძლოა, გარკვეული ტრავმების, არასწორი მოპყრობის, სოციუმიდან დამკვიდრებული არასწორი ნორმების, ან აღზრდის სტილის გამო იქნეს დაფარული თუ მიჩქმალული და უნდა დავეხმაროთ მის წინ წამოწევაში.
სოციალური პედაგოგიკა საქართველოში სრულიად ახალი სიტყვაა და ძალიან სასიხარულო და ამავდროულად, საპასუხისმგებლოც, რომ ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს სწორედ ჩვენ ვდგამთ და ვფიქრობთ, რომ წარმატებულადაც.
რთული ქცევისა და ასაკობრივი პრობლემების დროს სოციალურ პედაგოგიური მიდგომები ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული და ფართოდ გავრცელებულია და ჩვენც სწორედ შვეიცარიული მხარის მეთოდოლოგიური მხარდაჭერით დავნერგეთ ჩვენს ცენტრში, დღემდე გვიწევენ პროფესიულ ზედამხედველობას და მათი მხარდაჭერითა და ჩვენი დიდი მონდომებით სოც-პედაგოგიური მიდგომებით ვმუშაობთ ბავშვებსა და მოზარდებთან.
რას გულისხმობს სოციალური პედაგოგიკა?
სოციალური პედაგოგიკის ფორმულაა 3 H( Head, Heart, Hends) – თავი, გული და ხელები, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი როდესაც შენთან მოვა მიიღე გულით, აგრძნობინე სიყვარული, მასთან ერთად იმსჯელე და იმოქმედე.
– როგორ გაჩნდა ცენტრის შექმნის იდეა? რა მთავარი მიზნებით შეიქმნა „კომპასი“ ?
ჩვენი ორგანიზაცია „Divine Child Foundation of Georgia“, 10 წელზე მეტია რაც ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით მუშაობს. სხვადასხვა სერვისს ვაწვდიდით ბავშვებს და ვდგებოდით რთული ქცევის მართვის პრობლემის წინაშე. ძალიან ვცდილობდით, ჩვენს რესურსებზე სრულად ვიყენებდით, ბევრი რამ კარგად გამოგვდიოდა, რაღაც ნაწილში ბოლომდე ვერ მივდიოდით, მუდმივად ვმსჯელობდით და ვმუშაობდით ამ მიმართულებით. აღმოჩნდა, საქართველოში სხვა ორგანიზაციებიც იდგნენ ამ გამოწვევების წინაშე და სწორედ ჩვენმა ხელმძღვანელმა, ლალი ცერცვაძემ, ერთ-ერთი შეხვედრის დროს შვეიცარიულ მხარეს, ციურიხის კანტონის ორგანიზაცია „ვებოს“ მიაწვდინა ხმა, რომელსაც რთული ქცევის მოზარდებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. სწორედ მათ აღგვითქვეს მეთოდოლოგიური მხარდაჭერა, გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, რა დროსაც უშუალოდ ჩავდიოდით შვეიცარიაში, ვერთვებოდით პრაქტიკულ სამუშაო პროცესში, თავადაც ჩამოდიოდნენ საქართველოში და მათი მხარდაჭერით, ჩვენი რეალობისთვის რელევანტური მიდგომები დავნერგეთ.
პროექტზე 4-წლიანი უდიდესი შრომის შემდეგ, 2019 წელს „კომპასში“ პირველი ბავშვები მივიღეთ. პირველი ცენტრი გაიხსნა თბილისში და უკვე რამდენიმე თვეა, სოცპედაგოგიური ცენტრის ფილიალი მუშაობს ქუთაისშიც.
“ცალსახად, ყველა ბავშვი არის კარგი” – როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებსა და სირთულეებს მოზარდებთან?
-სოციალური პედაგოგიკის გარდა, რა სერვისებს აერთიანებს “კომპასი”? რა გამოწვევების წინაშე მყოფ ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობთ?
ასევე, რა რეკომენდაციები გაქვთ მშობლებისა და ბავშვზე მზრუნველი პირებისთვის, რა არის ის მთავარი ნიშნები, რომელსაც დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება? რა უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ? დღეს შეიცვალა შეხედულებებიც და იმედია, ის მანკიერი მიდგომებიც, როდესაც სკოლებშიც კი რთულად აღსაზრდელ ბავშვებად მოიხსენიებდნენ მოსწავლეებს და ნაცვლად იმისა, რომ პრობლემის მიღმა არსებულ გარემოებებზე ეზრუნათ, თითქოს, ხელს უწყობდნენ თანატოლებისგან მათ დისტანცირებას…
ცალსახად, ყველა ბავშვი არის კარგი და არ არსებობენ ე.წ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები (როგორც ჩვენს ბავშვობაშიც, თუნდაც სკოლებში მოიხსენიებდნენ ხოლმე) თუ მას გარემო ხელს არ შეუწყობს.
მშობელს და ბავშვზე მზრუნველ პირს არ გამოეპარება თუკი მისი შვილი სოციალურ ფუნქციონირებას სათანადოდ ვერ ახერხებს.
ეს შეიძლება გამოხატული იყოს შემდეგნაირად:
- ხშირად არის ჩაკეტილი,
- მოწყენილია,
- არ საუბრობს,
- მეგობრებთან შეასუსტა ურთიერთობები,
- მუდმივად გაჯეტებზეა დამოკიდებული,
- მკვეთრად დაეცა მისი აკადემიური მოსწრება,
- ძალიან ხშირად გამოხატავს აგრესიას,
- ვერ თოკავს ემოციებს…
თუკი მსგავსი ტიპის პრობლემები მოზარდებს სოციალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის, ის ვერ გრძნობს თავს ბედნიერად. არადა, ხომ ჩვენ ყველას გვინდა, რომ ჩვენი შვილები ბედნიერები იყვნენ და თუ ვხედავთ, რომ მას რაღაც აწუხებს, სოციალური ფუნქციონირება სათანადოდ ვერ მიმდინარეობს, მაშინ სწორედ რომ სოციალურ პედაგოგიური მიდგომების გამოყენების დროა და უნდა მიმართეთ პროფესიონალებს.
ჩვენს ცენტრში წამყვანი სპეციალისტები ვართ სოციალური პედაგოგები, ქეის მენეჯერები ანუ შემთხვევის მმართველები, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ხელობის მრავალფეროვანი ჯგუფები.
ეს არ არის ტიპური ხელობა – მიხვედი სადმე და ფოტოგრაფია ისწავლე ან ხეზე კვეთა, ეს ნიშნავს, რომ მიხვედი სივრცეში, სადაც სოც-პედაგოგიური მიდგომებით მუშაობენ შენთან ერთად, სოციალური პედაგოგები არიან ასევე ტრენერები, რომლების ხელობის ჯგუფებს უძღვებიან, იქნება ეს ფოტოგრაფია, ბარმენობა, ხელსაქმე, ხეზე კვეთა, ხეზე მუშაობა, ხატვა თუ ძერწვა.
გარდა ამისა, ბავშვებსა და მოზარდებთან მუშაობს სხვადასხვა მიმართულების ფსიქოლოგი – ქცევითი თერაპევტი, გეშტალტ თერაპევტი, არტ-თერაპევტი და ანალიტიკური მიმართულების თერაპევტი. ანუ იმის მიხედვით თუ რა სიღრმის არის პრობლემა, ცხადია სოც-პედაგოგიკაა წამყვანია, მაგრამ ფსიქოლოგი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად არის ჩართული და თავისი მიმართულებით სიღრმისეულად მუშაობს.
“თუ არ გამოგივიდა, არაუშავს, ყოველი ახალი მცდელობა წინსვლის ახალი შესაძლებლობაა”
– პირველი ურთიერთობა მოზარდთან და ბავშვთან მყარდება სოციალური პედაგოგის მიერ და პირველივე შეხვედრისას ვათვალიერებინებთ სივრცეს.
მასთან ერთად ვფიქრობთ, რა იქნება მის ინტერესებზე მორგებული აქტივობა და მას ეძლევა საშუალება, რომ რამდენიმე მიმართულებით მოსინჯოს საკუთარი ძალები.
ჩვენ ამას ხელობებს არ ვარქმევთ, რადგან ჩვენი მიზანი არ არის მხატვარი ან ხეზე მუშაობის სპეციალისტი მოვამზადოთ.
ჩვენი თვითმიზანია, რომ ამ ადამიანმა საკუთარ თავში არსებული უნიკალური და მრავალმხრივი შესაძლებლობები აღმოაჩინოს, მიიღოს სწორი უკუკავშირი.
ძალიან ხშირად, ჩვენს საზოგადოებაში, თუ ადამიანს რამდენიმე ცდის შემდეგ ამა თუ იმ საქმის კეთება არ გამოსდის, იარლიყებს ვაწებებთ და კლიშეებს ვუქმნით, რომ შენ უვარგისი ხარ, არ შეგიძლია, რაც ძალიან დიდ დამღას ტოვებს ბავშვი, კომპლექსებს უჩენს .
სოციალური პედაგოგები, ტრენერები ხშირად ვსაუბრობთ მათთან, თუ არ გამოგივიდა, არაუშავს, ყოველი ახალი მცდელობა წინსვლის ახალი შესაძლებლობაა.
სოციალურ-პედაგოგიური მიდგომები შეცდომებს განიხილავს როგორც ახალ შანსს.”
“პირველი შეკითხვაა მშობელსა და ბავშვთან – რას აკეთებთ ერთად?”
-ერთვარ მოდელს ვისმენთ თქვენგან, როგორი უნდა იყოს ბავშვებისა და მისი გარემოცვის ურთიერთობა. რამდენად არის პირველი ნაბიჯი მივიღოთ ის, როგორიც არის; ვაღიაროთ ისეთი, როგორიც არის და რაც მთავარია, ვაგრძნობინოთ რომ, ყოველგვარი დათქმისა და წინაპირობების გარეშე, ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანია. რომ განვავრცოთ თქვენი საუბარი, რა გარემოებები უწყობს ხელს ბავშვებში იმ პრობლემების გაჩენას, რომლის მოგვარებასაც სოციალური პედაგოგიკა ცდილობს, რამდენად შეიძლება ერთ-ერთ მიზეზად განვიხილოთ თუნდაც ურთიერთობების ან ერთად გატარებული დროის დეფიციტი?
– დეფიციტი შესაძლოა იყოს ოჯახიდან გამოწვეული, შესაძლოა გარემოცვიდან. ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც სკოლაში სათანადო მოქცევას აქვს ადგილი ყველა ბავშვის მიმართ. თან ყველა პატარაც არ არის ერთნაირი, ერთი და იგივე გარემოება შესაძლოა ერთისთვის მატრამვირებელი აღმოჩნდეს, ვიღაცისთვის ნაკლებად. შესაძლოა ეზოში, სამეგობროში, სანათესავოში არასწორმა მიდგომებმა გამოიწვიოს ის, რომ ეს მოზარდი ჩაიკეტოს და მასში არსებული ბრილიატი კიდევ უფრო უჩინარი გახდეს.
– როგორც წესი ბავშვებისა თუ მოზარდების ქცევა შინ და სხვადასხვა გარემოში განსხვავებულია, თუ ღიად არ საუბრობს და ერთი შეხედვით, არც თვალხილულია მისი ეს პრობლემები, როგორ გავიგოთ, როგორ აღმოვაჩინოთ, რომ დროულად დავეხმაროთ?
– გეთანხმებით, რომ ბავშვის, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანის ქცევებიც შინ და გარეთ ერთმანეთისგან განსხვავდება.
როდესაც მოდიან ჩვენთან, პირველი შეკითხვაა მშობელთან და ბავშვთან – რას აკეთებთ ერთად? არ ვამბობ, რომ მაინცდამაინც ფილოსოფიური საუბრები გვქონდეს, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგია.
ჩვენ მშობლები, რომლებიც დღის ბოლოს ძალიან დაღლილები ვართ, სულ ცოტა დროს თუ გამოვნახავთ, თუნდაც, დღეში ნახევარ საათს, დავსხდებით მასთან ერთად და საქმის გარჩევის, დატუქსვის ფორმით კი არა, ერთად რაღაცის კეთების პროცესში კითხვას დავსვამთ, მოვუსმენთ, დავაკვირდებით, არ არსებობს, რომ გამოგვეპაროს ის წუხილები, ის პრობლემები რომელიც ბავშვს აქვს.
მით უმეტეს მშობელს და ბავშვზე მზრუნველ პირს სკოლაში პედაგოგებთან აქვს კავშირი, შესაძლოა სკოლის ფსიქოლოგიც ჩავაყენოთ საქმის კურსში. მოკლედ, თუ სულ მცირე ყურადღებას გავამახვილებთ, გამორიცხულია, ვერ შევნიშნოთ ბავშვის ხასიათის ცვლილება და რომ მისი სოციალური ფუნქციონირება ისეთი აღარ არის როგორც ადრე იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თუ კარჩაკეტილია, სევდიანია, ზედმეტად ჩუმია, ან პირიქით გარბის სახლიდან, აგრესიას ვერ თოკავს, ემოციებს ვერ იმორჩილებს, მეგობრებთან ურთიერთობას ვერ ალაგებს, ხშირად ჩხუბობს და-ძმებთან, გაჯეტებზეა მუდმივად დამოკიდებული – ეს ყველაფერი SOS ნიშებია, რომელიც არ გამოგვეპარება, თუ მცირედ დროს მაინც ვუთმობთ მასთან ურთიერთობებს.
“თუ ვკითხავთ და მოვუსმენთ, სულ პატარებიც კი პირდაპირ ამბობენ რა აწუხებთ და მოგვარების გზებსაც გვთავაზობენ”
– ბავშვი რომელიც შეკეტილია თუნდაც მის ოთხაში და ჩვენ არ გვიქმნის პრობლემებს, მაგრამ არ ურთიერთობებს სხვებთან და მხოლოდ გაჯეტია სიამოვნების მიღებისა და ურთიერთობების წყარო, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.
ბავშვი ეზოშიც უნდა ჩადიოდეს, მეგობრებიც უნდა მოდიოდნენ მასთან, თვითონაც უნდა მიდიოდეს და ა.შ. როდესაც უკვე სახეზეა სოციალიზაციის პრობლემები, სასურველია პროფესიონალების ჩართულობა.
საწყის ეტაპზე, კითხვა დაუსვით ბავშვებს, მოზარდებს და გარწმუნებთ, სულ პატარებიც კი პირდაპირ გეუბნებიან რა აწუხებთ და მოგვარების გზებსაც ხშირად თვითონვე გვთავაზობენ, მთავარია მოვუსმინოთ.
“პირველად მოსვლისას ბავშვი არის ძალიან ჩაკეტილი, თავდახრილი, მუჭებშეკრული” – რა შედეგები აქვს სოციალურ პედაგოგიკას?
-ქალბატონო თეა, ჩვენ ვისაუბრეთ პრობლემაზე, ვისაუბრეთ როგორია თავად პროცესი, მინდა გკითხოთ უშუალოდ შედეგების შესახებ.. რას გვაჩვენებს პრაქტიკა ქცევის სირთულის გადალახვის ეტაპებზე?
– სოციალური პედაგოგიკის დროს, შედეგები მართლაც ძალიან თვალნათელია. პირველივე ჯერზე რომ მოდის ბავშვი ძალიან ჩაკეტილი, თავდახრილი, მუჭებშეკრული… 2-3 შეხვედრის შემდეგ უკვე ვხედავთ როგორ გაიხსნა, თვალებში სინათლე ჩაუდგა, იღიმის. ერთია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თვითრწმენა როგორ აუმაღლდათ, როგორ შეძლეს ახლის კეთება, რომელიც მანამდე წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, მაგრამ ასევე არსებობს დათვლადი, რიცხვებში გამოსახული შედეგებიც. ახლახან შევაჯამეთ მონაცემები – ჩვენი მომსახურების მიღება უკვე 70-მა ბავშვმა დაასრულა. მთელი გუნდის ერთობლივი მუშაობით, მათგან 30% ძალიან კარგი შედეგებით არის წასული, ხოლო 70%-თან საშუალო და საშუალოზე მაღალი მიღწევები გვაქვს.