აუცილებელია თუ არა, თავის ტკივილისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. ამ კითხვას გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს თავის ტკივილის საზოგადოების“ პრეზიდენტმა, ექიმმა-ნევროლოგმა, გოგიტა გეგელაშვილმა უპასუხა:
„ჯერ ერთი, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ უნდა გაიკეთოს. მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას ძირითადად მაშინ ვიყენებთ, როცა ნევროლოგიური დარღვევები არ არის და როცა თავის დაზღვევა გვსურს. თუ წარსულში ასეთი ტკივილები ბევრჯერ აღმოცენებულა და თუ პაციენტი გაისინჯა და ნევროლოგიური რეფლექსები ნორმალურია, მაშინ რა საჭიროა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, მაგრამ თუ მან იცვალა სახე, თუ გაჩნდა უნიკალური სიმპტომები, თუ შეიცვალა ტკივილის დაწყების, განვითარების და მასთან თანაარსებული სიმპტომების კრებული, მაშინ ექიმი მიდის კომპრომისზე და თანხმდება აღნიშნულ გამოკვლევას. ასევე, არანაირ ინფორმაციას არ იძლევა დოპლერი, მე ჯერ არ მახსოვს, რომ დოპლერით თავის ტკივილის დიაგნოზი დამესვას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა დოპლერი საჭიროა. სპეკულაციაა, რომ სპაზმი იყო დოპლერზე და ესე იგი, თავი ამიტომ გტკივა. თითქმის საუკუნე სრულდება, რაც მსოფლიომ აღიარა, რომ ტვინი ერთადერთი ორგანოა, სადაც სპაზმი ტკივილს არ იძლევა და პირიქით, გაფართოება იძლევა. შესაბამისად, რას ვშვრებით, თავს ვიტყუებთ თუ ხალხს ვატყუებთ?!
როგორ მივხვდეთ, თავის ტკივილი საშიშია თუ არა – გოგიტა გეგელაშვილის რეკომენდაციები
პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ ბავშვზე გითხრეს, ქალასშიდა წნევა არის მომატებულიო, სხვა ექიმთანაც წადით. პირდაპირ მას ნუ ენდობით. ასევე, ძალიან ადვილად სვამენ ხოლმე ფრონტიტის დიაგნოზს. ვეკითხები ჩემს კოლეგებსაც და საზოგადოებასაც, როგორ შეიძლება, ჩირქი ზუსტად ერთი და იგივე დროით დგებოდეს და მერე ქრებოდეს?! არის სტერეოტიპული, ანუ ერთი და იგივე, ერთ, ორ ან სამ დღიანი ტკივილი შუბლის არეში. თუ სამ დღიანი თავის ტკივილი ერთმანეთს ჰგავს, არასდროს იმატებს ტემპერატურა, არასდროს არის ლეიკოციტები, ერითროციტების დალექვის სიჩქარე, C-რეაქტიული ცილა მომატებული, მაშინ რაღა ჩირქია?! არ არის! შეიძლება, ჩირქი სამ დღეში გაქრეს?! წარმოუდგენელია…
რენტგენი ხშირად იტყუება, მაგნიტურ-რეზონანსული, მიუხედავად მისი სიძვირისა, გადაჭარბებულად იძლევა ინფორმაციას, ანუ ისიც იტყუება, მაგრამ კლინიკა არასდროს იტყუება, პაციენტი არ გატყუებს. მთავარია, ექიმმა სწორად დაუსვას პაციენტს კითხვები, რომლებიც დიაგნოზის დასმისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად არის საჭირო“ – ამბობს გოგიტა გეგელაშვილი.