ჩინურმა საცალო ვაჭრობის ქსელმა Pang Dong Lai-მა თანამშრომლებისთვის უჩვეულო და ბევრისთვის შთამბეჭდავი ინიციატივა წარადგინა – „ემოციური შვებულება“. კომპანიის ახალი წესის მიხედვით, თანამშრომლებს შეუძლიათ წელიწადში 10 დღემდე ემოციური შვებულება აიღონ მხოლოდ იმიტომ, რომ თავს კარგად ან ბედნიერად არ გრძნობენ. ამისთვის მათ არ სჭირდებათ სამედიცინო ცნობა ან დამატებითი ახსნა, უფრო მეტიც, მენეჯერებს ასეთი მოთხოვნის უარყოფა ეკრძალებათ.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით: „ყველას აქვს პერიოდი, როცა თავს ბედნიერად არ გრძნობს. თუ ასე ხარ, სამსახურში არ უნდა მოხვიდე”.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა კომპანიის უკვე თანამშრომელზე ორიენტირებულ სამუშაო პირობებს ემატება. Pang Dong Lai-ში სამუშაო დღე 7 საათს შეადგენს, თანამშრომლებს აქვთ შაბათ-კვირა თავისუფალი, ხოლო წლიური შვებულება 30-40 დღეა. ანაზღაურებაც საშუალოზე მაღალია, კვალიფიკაციის მიხედვით, ზოგიერთი დამლაგებელიც კი წელიწადში დაახლოებით 70 000 დოლარის ეკვივალენტს გამოიმუშავებს.
ინიციატივამ საზოგადოებაში დიდი განხილვა გამოიწვია. ნაწილი მას ხედავს, როგორც თანამშრომელთა მენტალურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვის პროგრესულ მიდგომას, განსაკუთრებით იმ ფონზე, სადაც ჩინეთში ფართოდ არის გავრცელებული სამუშაო კულტურა, დილის 9-დან საღამოს 9-მდე, კვირაში 6 დღე.
საზოგადოების მეორე ნაწილი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სისტემის პრაქტიკულობას. რა მოხდება, თუ ერთდროულად ბევრი თანამშრომელი გადაწყვეტს ემოციური შვებულებით სარგებლობას? როგორც უნდა იყოს, Pang Dong Lai-ის მაგალითმა კიდევ ერთხელ წამოწია დღის წესრიგში კითხვა, შეიძლება თუ არა სამუშაო გარემო ადამიანზე იყოს მორგებული და არა პირიქით.
