„თუ დასავლეთის პოზიცია მტკიცე იქნება და ისაუბრებს იმაზე, რომ შესაძლოა ცალკეულ მაღალჩინოსნებს სანქციები შეეხოთ, ასევე საქართველოს საერთაშორისო დახმარება შეუწყდეს ან შეუმცირდეს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული იქნება შეთანხმება შეასრულოს,“ – ამის შესახებ „ფორტუნას“ პოლიტოლოგმა, ნიკა ჩიტაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის შესაძლო, მოსალოდნელი შედეგების შეფასებისას განუცხადა.
მისი მოსაზრებით, დასავლეთის დემოკრატიული სამყარო უკმაყოფილოა იმით, რომ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს იმ პირობებს, რომელიც 19 აპრილს სახელისუფლებო პარტიისა და ოპოზიციის მზაობით, დოკუმენტის სახით გაიწერა.
„ეს ეხება სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმირების მიმართულებას, ასევე რასაკვირველია, 5 და 6 ივლისს განვითარებული მოვლენები დასავლეთის შეშფოთების საფუძველს იწვევს,“ – გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
მისი აზრით, მიშელის ვიზიტისას ყველა ეს საკითხი როგორც ოპოზიციასთან, ისე შემდგომში პრემიერთან და პრეზიდენტთანაც განიხილება.
რაც შეეხება უშუალოდ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეხვედრების შესაძლო შედეგებს, პოლიტოლოგის შეფასებით, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია მოვლენათა განვითარების 2 სცენარი განვიხილოთ: დადებითი და უარყოფითი.
„უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ მმართველმა პარტიამ შესაძლოა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ყველაფერი იკადროს. მათ შორის, თქვას, რომ აქვს პროევროპული კურსი, თუმცა, სინამდვილეში პრორუსული ორიენტაცია ჰქონდეს.
თუ არ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემის რეფორმირება, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სახელისუფლებო პარტია ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს და დასავლეთის მოთხოვნების კვლავ იგნორირებას მოახდენს, (ვიცით, რომ ეს უკვე მოხდა, როცა მმართველმა პარტიამ თქვა, რომ საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციულზე გადავიდოდა, თუმცა, ასე მიზანმიმართულად არ გააკეთა.)
ამასთანავე, თუ შემდგომში 5-6 ივლისის განვითარებულ მოვლენებში მონაწილე მოძალადეები არ დაისჯებიან, ამ შემთხვევაში, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, კვლავ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით და შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია დასავლეთის სანქციებზეც ვისაუბროთ,“ – განუცხადა „ფორტუნას“ პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება დადებით მოლოდინს, ნიკა ჩიტაძის აზრით, თუ დასავლეთის პოზიცია მტკიცე იქნება და ისაუბრებს იმაზე, რომ შესაძლოა ცალკეულ მაღალჩინოსნებს სანქციები შეეხოთ, ასევე საქართველოს საერთაშორისო დახმარება შეუწყდეს ან შეუმცირდეს, ამ შემთხვევაში, ხელისუფლება იძულებული იქნება შეთანხმება შეასრულოს.
კითხვაზე – რა მიმართულებით შეიძლება მმართველმა პარტიამ შეთანხმების პუნქტები შეასრულოს, პოლიტოლოგი პასუხობს:
„დავუშვათ შეაჩეროს მოსამართლეების დანიშვნა, მოხდეს საარჩევნო სისტემის რეფორმირება. ამ საკითხებზე ხაზგასმა მნიშვნელოვანია, რადგან მივიჩნევ, რომ ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით ყველაფერზე წამსვლელია, ცხოვრობს ერთი დღით და ვერ აცნობიერებს რა შედეგი შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს,“ – დასძინა ნიკა ჩიტაძემ.