ვიმედოვნებ, მკვლელები სამართლებრივი გზით დაისჯებიან, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მაინც მოვა დრო, როცა მაგათ ჯავრს შევჭამთ, – ამ სიტყვებს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 1 წლის შემდეგ, მისი დეიდაშვილი ზვიად დევაძე ამბობს. დეიდაშვილს იმედი აქვს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და გმირულად დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები დაისჯებიან.
„ძლიერი პიროვნება იყო და ისეთი ვაჟკაცი ადამიანი სხვანაირად არც მოიქცეოდა. იმედია, გაიმარჯვებს ის სიმართლე, რისთვისაც არჩილ ტატუნაშვილი ეწამა, მას ძლიერი იარაღი ქონდა – ეს სიმართლეა, რომელიც თავისას გაიტანს,“ – ამბობს არჩილ ტატუნაშვილის დეიდაშვილი ზვიად დევაძე „ფორტუნასთან.“
დღეს არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. მკვლელები ამ დრომდე დასჯილი არ არიან, ქართული მხარე მათ გადმოცემას უშედეგოდ ითხოვს, როგორც ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.
არჩილ ტატუნაშვილის მამას 1 წლის შემდეგაც იმედი აქვს, რომ მკვლელები დაისჯებიან. გივი ტატუნაშვილი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ სახელმწიფო ამისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ შედეგის მიღწევა რთულია.
„რაც შეეძლო, საქართველომ ყველაფერი გააკეთა. დამნაშავეები გამომჟღავნდნენ, მაგრამ მათ დასჯაზე ხელი ვერც ჩვენს სახელწმიფოს მიუწვდება და ვერც ვერავის. რუსეთი ყურს არავის უგდებს, ის რა თქმა უნდა, მკვლელებს არ გადმოგვცემს. რამდენჯერაც ქართულმა მხარემ შინაგანი ორგანოების და პირადი ნივთების გადმოცემის საკითხი დააყენა, ყოველთვის უარს ვიღებთ. რა გინდა, რომ გააკეთო?
ახლა ისინი წითელი ცირკულარით იძებნებიან და თუ წაუცდათ ფეხი და რუსეთის გარდა, სხვა ნებისმიერ ქვეყანაში მოხვდნენ, ალბათ, დააკავებენ, ამის იმედი მაქვს. იმის იმედი, რომ დაისჯებიან, ყოველთვის მაქვს,“ – ამბობს გივი ტატუნაშვილი და დასძენს, რომ სახელმწიფო ამისთვის ყველანაირ ბერკეტს იყენებს.
სხვაგვარად ფიქრობენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ “ემპათიაში”, რომელიც რუსეთს ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში ედავება. როგორც ცენტრის პრეზიდენტი, მარიამ ჯიშკარიანი „ფორტუნასთან“ ამბობს, საჭიროა ხელისუფლებამ ეს საკითხი უფრო მწვავედ დასვას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, მათ შორის, პასუხები რუსეთს ოფიციალურად, დოკუმენტაციის სახით უნდა მოსთხოვონ.
„საჭიროა რუსეთის მხარეს მოთხოვოთ წერილობით დოკუმენტაციის მოწოდება. ჩვენ გვაქვს მათგან წერილი მიღებული ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სადაც რუსეთის პროკურატურა იწერება, რომ „სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და მათი იურისდიქცია იქ არ ვრცლდება“, თუმცა, დე ფაქტო პროკურატურისგან მივიღეთ წერილი, სადაც დასტურდება, რომ რუსეთის კანონმდებლობით მოქმედებენ ცხინვალის რეგიონში. ამიტომ, რუსეთს უნდა მოეთხოვოს წერილობითი დადასტურება იმისი, თუ სად ჩატარდა ექსპერტიზა, რა როლი აქვს რუსეთის მხარეს და ბევრი სხვა საკითხი, რომელიც უფრო მკაფიოდ და მკვეთრად უნდა იქნეს დასმული.
არსებობს დიპლომატიური გზები, რომლითაც უნდა იმოქმედონ დოკუმენტირებულ დონეზე, ეს არის წერილობითი მიმართვები და პასუხები, ქეისის მოხსენებები და პრეზენტაციები სხვადასხვა ფორუმებზე, მაგალითად, როგორიც არის ეუთო, ევროსაბჭო და სხვა. ყველა ქეისის დოკუმენტირებულად წარდგენაა საჭირო, სადაც ადამიანების უფლებები ირღვევა,“ – აღნიშნავს მარიამ ჯიშკარიანი.
არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, დავით ბაშარული
არჩილ ტატუნაშვილი ყოფილი სამხედროა, მონაწილეობდა საზღვარგარეთ სამშვიდობო მისიებში. ის 22 თებერვალს ოსურმა მხარემ იოსებ პავლიაშვილთან და ლევან ქუტაშვილთან ერთად დააკავა.
ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა თითქმის ერთი თვე გაჭიანურდა. როგორც ქართული მხარე მიიჩნევს, ამის მიზეზი ის იყო, რომ მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო. ექსპერტიზის თანახმად, რომელიც მას გადმოსვენების შემდეგ ჩაუტარდა, “არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით. დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია და განვითარებული არიან რაიმე მკვრივი – ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად. დაზიანებები ზოლისებური ფორმის სისხლნაჟღენთების (არანაკლებ 46) სახით განვითარებული არიან რაიმე შემოსაზღვრული (ბრტყელი და/ან ცილინდრული) ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) მრავალჯერადი ზემოქმედებით”.
ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულს 15 ივნისს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 13 სექტემბრიდან კი, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებენ დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამებისთვის და იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებულ დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს.
2018 წლის 21 მარტს კი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ. “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში” შეყვანილ 33 პირს, რომლებიც მხილებულები არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულებებში – მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და ამ დანაშაულებების დაფარვაში, სანქციები დაუწესდათ. ამასთან, სიაში შესული პირების მიმართ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს.
რეზოლუციის დასახელებაში, ტატუნაშვილთან ერთად, ფიგურირებს გიგა ოთხოზორიას გვარი, რომელიც 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში, აფხაზეთის დე ფაქტო საზღვართან მოკლეს. ამ დრომდე დაუსჯელია გიგა ოთხოზორიას მკვლელიც, რომელსაც ასევე, წითელი ციორკულარით ეძებენ. თვითმხილველების თქმით, მას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვართან შელაპარაკება ე.წ. მესაზღვრეებთან მოუვიდა. გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოინაცვლა. თუმცა, მას ე.წ. მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი. უკვე ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მან რამდენჯერმე ესროლა ოთხოზორიას. ტყვია მას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში მოხვდა, რის შემდეგაც რაშიდ კანჯი-ოღლიმ საკონტროლო სროლა განახორციელა და გიგა ოთხოზორიას თავში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. რაშიდ კანჯი-ოღლი თანმხლებ პირებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. გიგა ოთხოზორია ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
საოკუპაციო რეჟიმს შეეწირა ასევე დავით ბაშარულიც. ოკუპირებული ახალგორიდან გაუჩინარებული ბაშარული 6 თვის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. მანამდე, 2014 წლის 4 ივნისს ოკუპირებული ახალგორის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ბაშარული განყოფილების შენობაში წაიყვანეს. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას შემდეგ დავით ბაშარულს ოჯახის წევრები და ახლობლები უშედეგოდ ეძებდნენ.