პარტია “მოქალაქეების“ ლიდერმა “პალიტრანიუსის” ეთერში საქართველოს თავდაცვის სისტემაზე ისაუბრა.
ალეკო ელისაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები მზადყოფნაში იყოს.
“თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, “პუტინი რა მაგარი კაცია, მაგას ვენაცვალე“ კი არ უნდა იძახო და მარგარიტა სიმონიანს კი არ უნდა მოაწონო თავი, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის”
“რეალურად, დღეს ახლა რაზე უნდა ვლაპარაკობდეთ – სამოქალაქო თავდაცვის ობიექტები რამდენად მზადყოფნაშია ქვეყანაში? მეტრო მხოლოდ თბილისშია, სხვაგან არსად არის. დანარჩენი თავშესაფრები სად არის? საჰაერო განგაშის შემთხვევაში, გვაქვს სირენები? მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა აქვს ხელისუფლებას? ახლა ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ.” – აცხადებს ელისაშვილი
“მოქალაქეების” ლიდერის განცხადებით, ახლა იარაღის ფლობა უნდა ვისწავლოთ, მისი შენახვის უფლება უნდა გვქონდეს, რადგან საფრთხის შემთხვევაში გვიანია იდაყვზე კბენა.
როგორც ალეკო ელისაშვილი აცხადებს, საჭიროა ჩამოყალიბებული, ტერიტორიული თავდაცვა.
“ხომ ვხედავთ, რომ ეს სისტემა ეფექტურად მუშაობს? კაცობრიობის ისტორიამ დაადასტურა, რომ არ ესხმიან თავს ისეთ ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად არის მზად. ვის მოუვა ჭკუაში, რომ აშშ-ს, შვეიცარიას ან ფინეთს თავს დაესხას? ფინეთი ჩვენხელა ქვეყანა არის, სავალდებულო სამსახურიც აქვს, ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეობრივი ქვედანაყოფებიც აქვთ, ყველაზე მაგარი იარაღის წარმოება აქვთ და ყველაზე მაგარი სნაიპერები ჰყავთ. ქვეყანა არის არანორმალურად მზად თავდაცვისთვის, ამიტომ რუსეთიც კი, რომელიც თავს ყველას ესხმის, ვერ გაბედავს, რომ თავს დაესხას ფინეთს.” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა
“თუ გინდა, რომ თავს არ დაგესხან, “პუტინი რა მაგარი კაცია, მაგას ვენაცვალე“ კი არ უნდა იძახო და მარგარიტა სიმონიანს კი არ უნდა მოაწონო თავი, ქვეყანა უნდა მოამზადო ომისთვის და როცა მზად ხარ, შეგიძლია მშვიდად იყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.