„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა, ქუთაისის ცენტრში, აქციის მიმდინარეობისას განაცხადეს, რომ ისინი ღამის გათევას მოედანზე აპირებენ.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება ადეკვატურ ნაბიჯებს არ გადადგამს ისინი ქვეყნის პიკეტირებას მოახდენენ, გადაკეტავენ ავტობანს და აქციები დედაქალაქში გადმოინაცვლებს.
„დღევანდელ ღამეს ვათენებთ აქ. ხვალ, 8:00 საათიდან გადავაადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება, ჩვენ ამ დაუორგანიზებელ დღევანდელ შეხვედრას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ ექნება მას ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი ჩვენი მისამართით, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში! ჩვენ, დავკეტავთ მათ შორის, ავტობანსაც!
ისინი იძულებულები გახდებიან შეასრულონ ყველა ჩვენი სამართლიანი და არგუმენტირებული მოთხოვნა. თუ მთელი ქვეყნის პიკეტირებაც არ გახდება საკმარისი, ჩვენ, ყველა ერთად ყველა მხრიდან დავიძვრებით დედაქალაქში და აქციებს დავიწყებთ“, – აცხადებს გოლეთიანი.
ამ დროისთვის, რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ მომხრეების მობილიზებას, ვითარება პერიოდულად იძაბება. ადგილზე რკინის კედელია აღმართული, ამიტომ აქტივისტები დღევანდელ ღამეს ქუთაისში გაათენებენ.
