მთავრობა უკვე ოფიციალურად საუბრობს იმაზე, რაც რამდენიმე დღის წინ მხოლოდ იდეის დონეზე იყო – თუ თქვენ კორონავირუსი ლაბორატორიულად დაგიდასტურდათ და მსუბუქი ფორმით გაქვთ, ჰოსპიტალში აღარ გადაგიყვანენ და სახლში გიმკურნალებენ. უფრო ზუსტად კი, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ამ ეტაპზე საკარანტინე ზონაში გადაგიყვანენ.
რას ნიშნავს კორონავირუსის სახლში მკურნალობა, რა გამოცდილება აქვს ამ მხრივ მსოფლიოს, რამდენად მომზადებულია ამისთვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა და რა უნდა ვიცოდეთ, თუ “კოვიდ 19” დაგვიდგინდა და კლინიკაში არ გადავყავართ.
რადიო „ფორტუნა“ ჯანდაცვის ექსპერტს ესაუბრა.
სერგო ჩიხლაძემ გვითხრა, რომ ზოგადად, მიდგომა ასეთია (მათ შორის საზღვარგარეთაც) – მსუბუქი პაციენტები, რომლებსაც განსაკუთრებული ჩივილები არ აქვთ, კლინიკაში ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ, მით უმეტეს, როდესაც ადგილების დეფიციტია.
„ჩვენ ჯერ ასეთი პიკის ფაზაში არ ვართ, მაგრამ შევდივართ, ამიტომ მნიშვნელოვანია რესურსების გადანაწილება და პაციენტების გაფილტვრა. სხვა ქვეყნებში ეს პრობლემა იყო. 5 ადგილზე 10-15 პაციენტი გაჩნდა, ამან გამოიწვია დიდწილად ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი, მათ შორის იტალიაში, ახლა კი უკვე – აშშ-ში. ამიტომ საჭირო გახდა ასეთი მიდგომა, რომ შედარებით მსუბუქმა პაციენტებმა არ დაიკავონ ის ადგილი, რაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფებს სჭირდება, თუმცა აქ სხვა საკითხია მნიშვნელოვანი – ბინაზე მკურნალობის დროს, როგორ მოხდება კონტროლი, თუ ადამიანს ბინაში ვტოვებთ, მას მკაცრი მეთვალყურეობა სჭირდება, საჭიროა ოჯახის ექიმების გადამზადება, რაზეც სპეციალისტები უკვე 2 თვეა ვსაუბრობთ“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
"ხიბლში ნუ ჩავვარდებით, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან" - პაატა იმნაძე
„აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“ - საშუალება, რომლითაც კოლეგები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.
როგორც ჯანდაცვის ექსპერტემა აგვიხსნა, ამ შემთხვევაში მთავარი სირთულე ისაა, რომ ბინაში დატოვებისას, არსებობს საფრთხე, მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ.
„ამიტომ მნიშვნელოვანია ოჯახის ექიმის ჩართულობა, რომ მკაფიო ინსტრუქციები მისცეს ოჯახს, როგორ უნდა მოხდეს დაინფიცირებულის მოვლა. ოჯახის ექიმები, არ არიან გადამზადებულები. ვგულისხმობ იმას, რომ მათი სპეციფიციური ცოდნის მიცემა სჭირდებათ, ინსტრუქციებია მისაცემი, უნდა იცოდნენ, ვინ რა შემთხვევაში ექვემდებარება სახლში ან ჰოსპიტალში მკურნალობს, მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკის პროცედურა და კრიტერიუმები. ალბათ ამიტომ გაკეთდა შემდეგ განმარტება, რომ ამ ეტაპზე საკარანტინე ზონაში უმკურნალებენ, რადგან ფაქტია, ეს პრობლემები უახლოეს დღეებში ვერ მოგვარდება”, – ამბობს ექსპერტი.
რადიო „ფორტუნას“ შეკითხვაზე – რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ მას “კოვიდ 19” დაუდგინდა და სახლის პირობებში მკურნალობას ექვემდებარება, სერგო ჩიხლაძემ გვიპასუხა:
„პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რომ დაუშვებელია თვითმკურნალობა. თუ დადგინდა, რომ მას კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ, უნდა მიეცეს კონკრეტული ინსტრუქცია და იმის მიხედვით იმოქმედოს. თუ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს, გასარკვევია, აქვს თუ არა მას ცალკე ოთახი ან ცალკე სველი წერტილი. ეს საკმაოდ რთული პროცესია ზოგადად და მომზადების გარეშე რთულია. ამიტომ ამ ეტაპზე საკარანტინე ზონაში მკურნალობა ოპტიმალურია. მთავარია, რომ არ გამოგვეპაროს გართულება და პნევმონია“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი.
ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ფონზე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვისთვის მზაობაა.
ჯანდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ მსოფლიო პრაქტიკისგან გასხვავებით, საქართველოში ბინაზე მკურნალობა მოხდება არა უშუალოდ პაციენტის სახლში, არამედ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საკარანტინე ზონაში. მინისტრის თქმით, სიმპტომების გაჩენისთანავე პაციენტმა უნდა დარეკოს 112-ზე, რომელიც მას შესაბამის კლინიკაში გადაამისამართებს, შემდეგ კი, მისი გამოკითხვის მიხედვით, ექიმები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, თუ გადაიყვანონ სპეციალურ საკარანტინე ზონაში.