„ვისოლმა“ მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანია – „თუ მოისვრი, მობრუნდება“ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს გზისპირა დანაგვიანების შემცირებას და საქართველოში პასუხისმგებლობიანი გადაადგილების ქცევის წახალისებას.
რუსუდან კბილაშვილი, „ვისოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და CSR სამსახურის ხელმძღვანელი:
– „ვისოლი“ უკვე 26 წელია, საქართველოს მასშტაბით, თანამედროვე სამოგზაურო ინფრასტრუქტურას ავითარებს და ერთ სივრცეში აერთიანებს გზაზე საჭირო ყველა პროდუქტსა და სერვისს. დღეს „ვისოლი“ ამ პასუხისმგებლობას კიდევ უფრო აფართოებს და გარემოზე ზრუნვას გზაზე გადაადგილების კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს .
ჩვენ მიერ ინიციირებული კამპანიის კონცეფცია ბუმერანგის პრინციპზეა დაფუძნებული – „თუ მოისვრი, მობრუნდება“. ამ კამპანიით გვსურს იმ აზრის დამკვიდრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური არჩევანიდან იწყება, გვსურს, ყველამ კარგად გააცნობიეროს, რომ გზაზე მოსროლილი ნებისმიერი ნარჩენი საბოლოოდ ისევ უკან გვიბრუნდება – დაბინძურებული გარემოს, ჯანმრთელობის რისკების, საგზაო საფრთხეების თუ ბუნებაზე მიყენებული ზიანის სახით.

კამპანია ცნობიერების ამაღლების ეტაპით იწყება, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ „ვისოლის“ ეკოსისტემის ბრენდები – „სმარტის“ მარკეტებში დიჯითალ კომუნიკაცია და ექსკლუზიური იმპორტის პროდუქტების შეფუთვებზე განთავსებული კამპანიის გზავნილი შეახსენებს მომხმარებლებს, რომ „თუ მოისვრი, მობრუნდება“, ხოლო Wendy’s®, Dunkin’® და Subway® საკუთარ მომხმარებლებთან კომუნიკაციაში პასუხისმგებლობიანი გადაადგილებისა და გარემოზე ზრუნვის თემას საკუთარი ბრენდების ფორმატში გააგრძელებენ. აქვე აღვნიშნავ, რომ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდიც – mobrundeba.ge, სადაც დეტალურად არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ კამპანიის შესახებ.
კამპანიის გარე კომუნიკაციის მხარდამჭერია „ალმა“ და SN Creative. მათთან თანამშრომლობით საქართველოს ქალაქების გასასვლელებში განთავსდა არასტანდარტული ბილბორდები, რომლებიც მძღოლებს პასუხისმგებლობიანი გადაადგილებისა და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობას შეახსენებს. კამპანიას მხარს უჭერს Cavea – საქართველოს წამყვანი კინოთეატრების ქსელი და მთავარ ვიდეოს, რომელიც საშინელებათა ჟანრისაა, ფილმების ჩვენებამდე დაუთმობს დროს.

პროექტის ფარგლებში, REC Caucasus-თან თანამშრომლობით, ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე MP Development-ის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსში განთავსდება პლასტმასისა და ალუმინის ქილების შემგროვებელი აპარატი, რომელიც მომხმარებლებს ნარჩენების სეპარაციის და მათი შემდგომი გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს.
კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დასუფთავების აქცია გორის მონაკვეთზე, ხოლო მომავალში ინიციატივის კიდევ უფრო გაფართოება და მასში სხვა კომპანიებისა და ორგანიზაციების ჩართვა. ვფიქრობთ, ეს არ არის მოკლევადიანი პროექტი. მისი მეშვეობით, თანამოაზრეებთან ერთად, იმედი გვაქვს შევცვლით ადამიანების ქცევას და წავახალისებთ იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც ამ ნარჩენებს გადაამუშავებენ და ახალო სიცოცხლეს აძლევენ პროდუქტს.

სოფო ახობაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) აღმასრულებელი დირექტორი:
– ჩვენი ორგანიზაცია უკვე 25 წელია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში აქტიურად მუშაობს როგორც ნარჩენების მართვის, ასევე მდგრადი განვითარების მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ „ვისოლთან“ შევთანხმდით კამპანიის „თუ მოისვრი, მობრუნდება“ ერთობლივად განხორციელებაზე, რადგან ვთვლით, რომ ნარჩენების მართვა ეს არის უდიდესი გამოწვევა არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, მთავრობის თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ვფიქრობ, დროულიც იყო ჩვენი ეს კამპანია, იმიტომ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დეპოზიტური დაბრუნების სისტემაზე საკანონმდებლო კუთხით მუშაობს და მისასალმებელია, რომ „ვისოლი“, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, გამოთქვამს მზაობას იმუშაოს როგორც ცნობიერების ამაღლებაზე, ასევე პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებაზე.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის გზისპირა ნარჩენები განსაკუთრებით პრობლემური – საქართველოში გზისპირა ნარჩენების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან: პლასტმასის ბოთლებისგან, ალუმინის ქილებისგან, სიგარეტის ნამწვავებისგან, სველი ხელსახოცებისგან, პოლიეთილენის პარკებისა და საკვების შეფუთვისგან შედგება. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნარჩენები საბოლოოდ აბინძურებს ნიადაგს, მდინარეებსა და სასმელ წყალს, ზრდის ტყისა და ბალახის ხანძრების რისკს, აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას, საფრთხეს უქმნის საგზაო უსაფრთხოებას და უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ გარემოსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.

ჩვენი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის როლია, შევთავაზოთ გამოსავალი ქვეყანას, საზოგადოებას. მოხარულები ვართ, რომ „ვისოლთან ერთად“ გვეძლევა საშუალება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ავამოქმედოთ ნარჩენების შეგროვებისთვის განკუთვნილი აპარატი „ვისოლის“ ერთ-ერთ ობიექტზე. ცნობიერების ამაღლებით და პრაქტიკული ნაბიჯებით, ნამდვილად შესაძლებელია პრობლემასთან ბრძოლა.