LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიცია რაიმე საბაბის ძებნას არ დაიწყებს, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება შედგება – ირაკლი კობახიძე

100
0d1a748bb4851c9be387dd6106a6b6b3-XL

საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ძალიან საინტერესო და ორიგინალური იდეები საარჩევნო მოდელთან და სისტემასთან დაკავშირებით.

„ეს იდეები ქმნის იმგვარ საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმოდგენას საქართველოს პარლამენტში, რაციონალური და სამართლიანი დოზით. ეს უზრუნველყოფს პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს საქართველოს პარლამენტში. ​რაციონალური დოზით იქნება ჩამოყალიბებული საპარლამენტო უმრავლესობა. ამ ყველაფრის გარანტიებს შეიცავს ის იდეები, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ დღევანდელ შეხვედრაზე. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ იყოს მიღწეული შეთანხმება შესაბამის მოდელთან დაკავშირებით. ოპოზიცია ან ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები კონკრეტული საბაბის ძებნას თუ არ დაიწყებენ, ამ შემთხვევაში, შეთანხმება აუცილებლად იქნება მიღწეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას „მეგობრული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მისულან.

„ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს“, – აღნიშნა თალაკვაძემ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგის პოზიტიური შედეგით დასრულება სურს.

„არავითარი შეთანხმება არ არის. არავითარი წინადადება და თანხმობა არ ყოფილა. აზრების თავისუფალი გაცვლა იყო“, – განაცხადა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა, მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც თეორიულად ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით“.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, არის იმის იმედი, რომ მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით უახლოეს ორ დღეში შეთანხმებას მიაღწიონ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, თუ მომავალ ორშაბათს ან სამშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლო რიცხვებამდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება.

გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მიწვევით ვახშამი გაიმართა, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, ასევე, ოპოზიციის ის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების რაუნდებში მონაწილეობდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.

 

magti 5g