LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს, არსებობს რესურსი ამნისტიის ერთ კანონპროექტზე შევჯერდეთ: მაჭარაშვილი

49
გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, ამნისტიის პროექტზე საუბრის დროს აღნიშნავს, რომ არსებობს რესურსი, მხარეები საერთო კანონპროექტზე შეჯერდნენ.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, იმისათვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის პუნქტები ისე განხორციელდეს, როგორც შეთანხმებაში წერია, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ სპეკულაციურ მიდგომებს თავი დაანებოს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელი პასუხისმგებლობის გრძნობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ უნდა გაითვალისწინონ ის ვალდებულებები, რაც დოკუმენტზე ხელმოწერით ყველამ ერთად აიღო:

“ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხით სპეკულირებს, გააცნობიერებს იმას, თუ რა პასუხისმგებლობა აიღო, როდესაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს. სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში გაიმართება კონსულტაციები. იცით, დღეს გვაქვს შეხვედრა.

მიგვაჩნია, რომ რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს და მათი მიზანიც იქნება, ის, რაც ჩვენი მიზანიცაა, რომ შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი ისე, როგორც იქ წერია. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რესურსი არსებობს. მოვიაზრებთ იმასაც, რომ ორი კანონპროექტის მიუხედავად, შევჯერდეთ ერთ კანონპროექტზე, თუმცა ამისთვის აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის პასუხისმგებლობა, რაც დოკუმენტზე ხელმოწერით ყველამ ერთად ავიღეთ.” – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.

19 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ოპოზიციის მიერ მომზადებულ ამნისტიის პროექტს კი მხარი არ დაუჭირეს და ის კენჭისყრაზე ჩავარდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g