ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს.
ბრიტანეთის ავიაბაზაზე ჯარისკაცებსა და მათი ოჯახის წევრებთან საუბრისას ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მკაფიო გზავნილს გადასცემს რუსეთის პრეზიდენტს, როდესაც ისინი მომდევნო კვირას ერთმანეთს შეხვდებიან.
„ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ. ჩვენ გვსურს სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა. მაგრამ თუ რუსეთის მთავრობა საზიანო ქმედებებს განახორციელებს, აშშ ძლიერ და მნიშვნელოვან პასუხს გასცემს,“- აღნიშნა ბაიდენმა.
პრეზიდენტის თქმით, ის მოწოდებულია, აღადგინოს ტრანსატლანტიკური კავშირები და განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები.
“ეს საზღვარგარეთ ჩემი პირველი ტურნეა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში. მონაწილეობას მივიღებ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაში, ნატოს მინისტერიალში და შემდეგ შევხვდები ბატონ პუტინს იმისთვის, რომ ვაცნობო მას ის, რაც მსურს, რომ იცოდეს,“- აღნიშნა ბაიდენმა.
