LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა.. წონაში 7-8 კილო მოიმატა, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის“ – კონსილიუმის წევრი ექიმი გიორგი გრიგოლია სააკაშვილზე

186
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (5)

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმართელობის მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სომატური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც წონაში 7-8 კილოს მატებით გამოიხატება, თუმცა, მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. ამის შესახებ გიორგი გრიგოლიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„ჩვენი ბოლო ვიზიტი, თუ არ ვცდები, ოქტომბრის დასაწყისში იყო, მას შემდეგ, 7-8 კილო არის მომატებული. გუშინ რომ ავწონეთ, 77 კგ და 400 გრ იყო. ეს რაც შეეხება მის სომატურ ჯანმრთელობას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გაუმჯობესებაა. რაც შეეხება მის ფსიქო-ნევროლოგიურ სტატუსს, აქ დიდი გაუმჯობესება ვერ ვნახეთ.

ყველა ის დიაგნოზი, რაც მას ჰქონდა, ისევ რჩება – სისუსტე, მთელ დღეს საწოლში ატარებს, თითქმის არ დგება, არ მოძრაობს, მეხსიერება დაქვეითებულია, ფეხების დაბუჟება ისევ რჩება, მისი ფსიქო-ნევროლოგიური სტატუსი თითქმის, უცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ მისი სომატური სტატუსი გაუმჯობესებულია“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში შესაძლო დაბრუნებას, გიორგი გრიგოლიას თქმით, სააკაშვილის სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება კლინიკაში ყოფნის შედეგია.

„ჩემ პირად აზრს გამოვთქვამ. სააკაშვილი მზად არის თუ არა იმისთვის, რომ უკან, პენიტენციურ დაწესებულებაში რომ გადაიყვანონ, ამის დასკვნის გაკეთება მხოლოდ მკურნალ ექიმებს შეუძლიათ. მათ შეიძლება რეკომენდაცია გააკეთონ, გადაწყვეტილებას ვერც ჩვენ მივიღებთ და ვერც ისინი.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა – თუ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა, ცალსახად მგონია, რომ ცოტა ხანში დაუბრუნდება იმ სტატუსს, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა.

ზოგადი გაუმჯობესება მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგია, რომ ხანგრძლივად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. თუ უკან გადავიდა, საიდანაც გადმოიყვანეს – პენიტენციურ დაწესებულებაში, ვფიქრობ, ეს ჩემი აზრია და როგორც კონსილიუმის დასკვნა არ განიხილოთ, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც რამდენიმე თვის წინ ჰქონდა“, – განაცხადა გრიგოლიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები კლინიკა „ვივა მედში“ გუშინ იმყოფებოდნენ.

დასკვნას კონსილიუმი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.

 

 

მთავარ სლაიდზე გამოყენებული ფოტო: ipn და რადიო „თავისუფლება“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g