მიუხედავად სეზონისა, აჭარა თავგადასავლების მაძიებელთათვის ყოველთვის კარგი იდეაა. სწორედ ამის დასტურია ის საიმიჯო ვიდეორგოლიც, რომელსაც სოციალურ ქსელში ფეისბუქ გვერდი Visit Batumi ავრცელებს.
ვიდეორგოლში, ძირითადად, მთიანი აჭარის ტურისტულად საინტერესო ადგილები მოხვდა, შემოდგომის ფერების ფონზე. ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი კი ერთია – „გაატარეთ ოთხივე სეზონი აჭარაში“.
შეგახსენებთ, აჭარაში ტურიზმის განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა და მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ახალ ტურისტულ პროდუქტებზე. მაგალითისთვის, ბოლო პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ჭვანის ხეობაში ახალი ტურისტული მიზიდულობის ადგილი შეიქმნება, რომელიც ექსტრემალებისთვის კლდეზე დაკიდებულ სასტუმროს, საფესტივალო სივრცეს, ტურისტულ ბილიკებს, ბუნებაში გასართობ ატრაქციებს და სხვა ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს მოიცავს.
ხეობის ტურისტული განვითარების კონცეფცია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ჭვანაში ტურისტული ზონის განვითარების გეგმას მოიცავს. გეგმის მიხედვით, ძირითადი ტურისტული ბილიკი და ინფრასტრუქტურა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წისქვილების სოფლამდე უნდა მოეწყოს.