BAG ინდექსის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
ბიზნესი ინარჩუნებს პოზიტიურ მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად, 34 პუნქტით არის გაუმჯობესებული.
2021-ის I კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, ბიზნესსაქმიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ოთხი ფაქტორია: სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები, პროდუქციასა თუ მომსახურებაზე მოთხოვნის სიმცირე, შეზღუდული ფინანსური რესურსები და სპეციალისტების ნაკლებობა.
აღნიშნულ თემაზე „ბიზნესკურიერის“ ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.
„ეს კვლევა ჩვენ ჩავატარეთ თებერვალში, მარტის დასაწყისში. ასახავს იმ კონკრეტულ ვითარებაში არსებულ გარემოებებს. იმის თქმა, რომ ახლა შესაძლოა ადეკვატური იყოს ეს განწყობები, რაც მარტის დასაწყისში იყო ალბათ არასწორი იქნება. ჩვენ რეალობა გვეცვლება ყოველკვირეულად კი არა, ყოველდღიურად. მაშინ იყო ასეთი სიტუაცია-ძალიან დაბალი იყო ყოველდღიური მაჩვენებელი ინფიცირებულების, 100-ზე ნაკლები იყო, იყო ასევე პოზიტიური მოლოდინი ვაქცინაციის. იყო განცდა, რომ ფსკერი გავიარეთ, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არსებულ ვითარებას საკმაოდ უარყოფითად აფასებდნენ კომპანიები, ოპტიმიზმი იყო ძალიან მაღალი, ალბათ შესაბამისი იმ სიტუაციის, რა სიტუაციაც მაშინ იყო.
დღეს შეიცვალა სიტუაცია, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრობლემაა, იზრდება ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ და ა.შ მაშინ არ იყო ამ ყველაფერზე საუბარი.
რაც შეეხება სექტორებს, ყველაზე რეალისტურად პოზიტიური იყო განწყობები წარმოების ნაწილშია, რადგან მას ყველაზე ნაკლებად შეეხო, ის კოვიდ შეზღუდვები, რაც მათ უკავშირდებათ წარმოების ნაწილში, როცა შეზღუდვები იყო მაშინ წარმოება მუშაობდა. ჩვენი წევრი კომპანიები არიან მსხვილი ექსპორტიორები და ამ კუთხითაც მეორე ლოკდაუნის დროს ნაკლები პრობლემები იყო, ფიქსირდებოდა საერთაშორისო ბაზრებზე შეფერხება, მაგრამ, მეორე ლოკდაუნის დროს ნოემბერი-დეკემბერი-იანვარის თვეებში მსგავსი შეფერხებები ნაკლებად იყო, ანუ იმაზე ნაკლები ვიდრე გაზაფხულზე-ამ სექტორების მდგომარეობა უკეთესია.
ყველაზე ნეგატიური მდგომარეობა დაფიქსირდა მშენებლობის მიმართულებით. ესეც ახსნადია, რადგან წლის ბოლოს დაბრუნდა იპოთეკური სესხების პროგრამა, შესაბამისად, ამან გაყიდვებზე იმოქმედა-15%-ით დაეცა გაყიდვები, ამასთან, ისედაც იანვარი-თებერვალი არის ხოლმე ე.წ ვარდნის პერიოდი. და მესამე ფაქტორია ის, რომ სამშენებლო მასალებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად მათ მშენებლობა გაუძვირდათ იმ პირობებში, როცა ისინი ფასებს ვერ აწევენ.
ეს ჩვენი მეხუთე კვლევა იყო, 2019 წლის ბოლოდან დავიწყეთ და ვხედავთ, რომ იმ პერიოდში, როცა “ლოკდაუნები” ფიქსირდება მნიშვნელოვანი ვარდნა ინდექსისა. ყველაზე დიდი ვარდნა იყო აპრილში, როცა პირველი კვლევა ჩავატარეთ, კომპანიების მხრიდან ძალიან გაურკვეველი ვითარება იყო, არც ვაქცინაზე იყო საუბარი მაშინ და არავინ არაფერი არ იცოდა რა იქნებოდა. შემდეგ ზაფხულში გამოსწორდა ვითარება და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ განწყობები იყო ისეთი, რომ „გადავრჩით“.
მეორე ლოკდაუნის დროს ისევ დაეცა ინდექსები და ახლა ვხედავთ, რომ გაუმჯობესებულია, მაგრამ თუკი იქნება მესამე ლოკდაუნი, იქნება მნიშვნელოვანი ვარდნა ბიზნესის განწყობების. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ბიზნესს მიუხედავად იმისა, რომ აქამდეც არ ულხინდა, კიდევ უფრო უარეს ვითარებაში აღმოჩნდებიან. ის რესურსები, რაც მათ ჰქონდათ ულევი აღარ არის, ფინანსური რესურსები რაც მათ შესავსები ჰქონდათ შეივსეს, მათ შორის სესხების ნაწილში, ყველანი არიან ზღვარზე. თუკი დაიწყება მესამე ლოკდაუნი, ბევრმა კომპანიამ შესაძლოა „დეფოლტი“ გამოაცხადოს და შეიქმნას, ე.წ დომინოს პრინციპით უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაში.“-განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.