6 თებერვალს, მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრში 17:00 საათზე დაგეგმილია ორ ტომად გამოცემული წიგნის – „თარგმნილი პიესები თუმანიშვილის თეატრისთვის“ – პრეზენტაცია. გამოცემა ეძღვნება ლიტერატორისა და მთარგმნელის მანანა ანთაძის 80 წლის იუბილეს.
გამოცემაში შესულია პიესების ტექსტები იმ რედაქციით, რომელიც გამოყენებულია თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლების დადგმისას. ორტომეული მოიცავს ტექსტებს რეჟისორული ადაპტაციის გათვალისწინებით.
წიგნი წარმოადგენს მრავალწლიანი შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობის შედეგს და აერთიანებს თუმანიშვილის თეატრისთვის თარგმნილ პიესებს.
პროექტის ინიციატორია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
წიგნის ბეჭდურ ნაწილს უზრუნველყოფს საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული გამომცემლობა „კენტავრი“, ხოლო დაკაბადონებასა და დიზაინს ახორციელებს თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
გამოცემის იდეის ავტორები არიან : იოანე (ვანო) ხუციშვილი და მაია ოდიშარია.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.
