საქართველოში ტურისტებისთვის აუდიო გიდი შეიქმნება, რომელიც არამარტო ტურისტულ მარშრუტებს შეადგენს, ვიზიტორებს საქართველოს ისტორიასაც გააცნობს. პროექტი სტარტაპ Audio Guide Georgia -ს ფარგლებში განხორციელდება და ბაზარზე უკვე 2017 წელს გამოჩნდება. როგორც ”ფორტუნას” სტარტაპის ავტორმა, ნიკოლოზ გეწაძემ განუცხადა, თავდაპირველად აუდიო გიდი ორენოვანი იქნება- რუსული და ინგლისური, შემდეგ კი ქართული ენაც დაემატება.
”ქართული ტურიზმის ისტორიაში ეს არის ინოვაციური და ამ ეტაპზე, პრაქტიკულად უკონკურენტო პროექტი. ჯერჯერობით ჩვენთან აუდიო გიდის პრაქტიკა არ არსებობს. შეიქმნება აპლიკაცია ე.წ ანდროიდ და IOS-სისტემებზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის, რომელიც უცხოელ ტურისტებზე იქნება გათვლილი. აუდიო გიდი მოგზაურს შეუდგენს კონკრეტულ მარშრუტს, თუ რა უნდა ნახოს საქართველოში და რა თანმიმდევრობით. თითოეულ ლოკაციაზე მისვლის შემდეგ კი ტურისტი შეძლებს აუდიო გიდისგან მოისმინოს კონკრეტული ადგილისა, თუ ღირსშესანიშნაობის ისტორია”, – განმარტა გეწაძემ.
მისივე ინფორმაციით, ტურისტების გარდა, ეს აპლიკაცია ქართველი მოგზაურებისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება, შესაბამისად, იგეგმება სისტემაში ქართული ენის დამატებაც.
როგორც ნიკოლოზ გეწაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდთან და ბოლო დეტალები ზუსტდება. ფორმალური ნაწილის მოგვარების და მას შემდეგ, რაც Audio Guide Georgia მიიღებს ”სტარტაპ საქართველოს” ინოვაციურ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოპოვებულ თანხას, პროექტზე მუშაობა დაიწყება. აპლიკაციის შექმნას დაახლოებით 6 თვე დასჭირდება.