ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზა ექსპლუატაციაში ზაფხულში, ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს, დაახლოებით 20-30 წუთით შეამცირებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. მათივე ცნობით, ამ მონაკვეთზე სულ 15 ხიდია, რომელთა ასაგებად ახალი ტექნოლოგია – ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ახალი ტექნოლოგიით აშენდა სოფ. საჩინოსთან, საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელიც, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია. სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
როგორც დეპარტამენტი იუწყება, ქობულეთის შემოვლით გზაზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია, ზაფხულში მოძრაობა მეორე მონაკვეთზეც გაიხსნება, რაც ქობულეთის ზღვისპირა ზოლს სრულად განტვირთავს სატრანზიტო მოძრაობისგან.
აღსანიშნავია, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა რეგიონისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან აჭარის ტერიტორიაზე გაადვილდება ადგილობრივი და სატრანზიტო საავტომობილო მიმოსვლა, შემცირდება მგზავრობის დრო და შესაბამისად, ხარჯებიც. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 209 852 079.67 ლარია.