თბილისი ტურიზმის სამეცნიერო და პრაქტიკოსი ექსპერტების ასოციაცია AIEST-ის რიგით 67-ე 2-დღიან კონფერენციას მასპინძლობს.
ასოციაცია კონფერენციას ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს. წელს კი მსოფლიოს 40 ქვეყნის დელეგატს საქართველო პირველად მასპნძლობს.
კონფერენციის მთავარი თემაა ტურიზმის მდგრადი განვითარების ბიზნეს მოდელები. კონფერენციაზე საქართველოში ტურიზმის ბიზნესის მდგრადობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილება.
ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ და ასოციაცია AIEST-ის პრეზიდენტმა, პროფესორმა ჰარალდ ფეჰლანერმა გახსნეს.
„2017 წელს საქართველო არის AIEST-ის კონფერენციის მასპინძელი ქვეყანა. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოში ვართ, რადგან საქართველო არის შთამაგონებელი ტურისტული დესტინაცია და ჩვენ მასში უდიდეს პოტენციალს ვხედავთ. ამჯერად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ტურიზმის შესახებ კანონმდებლობაში გაითვალისწინონ ქვეყანაში მდგრადი ტურიზმის განვითარების წინაპირობები მომავალი ათწლეულებისთვის,“ – განაცხადა ფეჰლანერმა.
კონფერენციის შემდგომ, გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევით და საკონსულტაციო კომპანია “ბრენდორ ქონსალთინგის” ორგანიზებით, გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, 7-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერის ხელმძღვანელობით, გურიის რეგიონს ეწვევა 20 ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტი. სტუდენტები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ადგილზე განახორციელებენ რეგიონში ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას ოთხივე მუნიციპალიტეტში, რომელიც რეგიონში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებას დაედება საფუძვლად.
AIEST-ი 1951 წელს დაარსდა და აერთიანებს წევრებს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.
