ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 180-მდე ინფლუენსერი ეწვია დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ კონფერენციის მონაწილეებს მსოფლიო ტრენდების შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარეს.
ციფრული კონფერენციის ფარგლებში ინფლუენსერებმა დაათვალიერეს თბილისი, იმოგზაურეს მესტიაში, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ტურისტულ პროდუქტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს. მათ მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ბლოგებს, პოსტებსა და სთორებს სოციალურ ქსელებში ათობით მილიონი მომხმარებელი გაეცნო.
„უცხოელი ინფლუენსერების სტუმრობის შედეგად საქართველოს შესახებ სტატიებმა და პოსტებმა სოციალური ქსელები მოიცვა. იმედი გვაქვს, მსგავსი ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
შეგახსენებთ, ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო ციფრული კონფერენცია TRAVERSE გლობალურ ბრენდებსა და ტურისტულ ჰაბებს ციფრული პროექტების განვითარებაში ეხმარება. კონფერენციებში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი ინფლუენსერები.